საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით.
ასევე, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, ბრალდებული ყალბად სარგებლობდა პროკურორის სტატუსით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს ეცნობოდა როგორც საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებული პირი.
დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და მას ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ექვს ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მივმართავთ საზოგადოებას, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის ან/და მისი რომელიმე თანამშრომლის სახელის გამოყენებით მსგავსი ან სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება.