თბილისის მედიათეკების დაარსებიდან 10 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიება ვაკის მედიათეკაში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მწერლები ანა კორძაია-სამადაშვილი, ნესტან ნენე კვინიკაძე და არჩილ ქიქოძე, რომლებმაც წარმართეს დისკუსია წიგნის კითხვისა და განათლების თემაზე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გამომცემლები, მწერლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიათეკების წევრები.
ღონისძიებაზე, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა მედიათეკების ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დაწესებულებებში მისი დაარსების დღიდან მუშაობენ, ასევე დაჯილდოვდა რამდენიმე გამორჩეულად აქტიური მკითხველი.
ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი. როგორც მან თავის სიტყვაში აღნიშნა, თბილისში ამჟამად კიდევ სამი მედიათეკა შენდება და მიმდინარე წელს ვარკეთილის, ზღვისუბნისა და დიდი დიღმის მოსახლეობას თანამედროვე საბიბლიოთეკო და სამუშაო მულტიფუნქციური სივრცე ექნება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვაკის მედიათეკაში გაწევრიანება მსურველისთვის უფასო იყო.
პირველი მედიათეკა 2013 წლის 29 მარტს, ვაკის პარკში გაიხსნა. იმავე წელს გაიხსნა ვარკეთილის, ხოლო 2017 წელს ნაძალადევის ფილიალი. მედიათეკები აერთიანებს ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო და კომპიუტერულ სივრცეებს, სამკითხველო დარბაზს და საბავშვო კუთხეს. დღევანდელი მონაცემებით, სამივე მედიათეკის მომხმარებელთა რიცხვი 30 ათასზე მეტია.
თბილისის მედიათეკები მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს, კონფერენციებს, პანელურ დისკუსიებს, შეხვედრებს მწერლებთან და წიგნის პრეზენტაციებს.