„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“ თბილისის ქუჩებში გამოკრულ პლაკატებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
„გუშინ დიდი ემოციით „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, რომ ეს რა კარგი რაღაც მოხდა - გაუკრავთ 200 პლაკატი ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე და მთელი დღე ამას აპიარებდნენ. დილით რომ დახვდათ ათობით ათასი სხვა პლაკატი ქალაქში, ის არ მოეწონათ და თქვეს, რომ ეს სიძულვილის ენის შემცველია. გუშინ სიყვარულის ენის შემცველი იყო, ეტყობა და დღეს სიძულვილის ენის შემცველია. ორმაგი სტანდარტია აქაც, როგორც ბევრ რამეში. ზოგადად, ძალიან ცუდია იარლიყების მიკერება, მაგრამ ვინ გააკრა, ეს იყო მათი ბუნებრივი რეაქცია იმ მარაზმზე, რაც გუშინ იკადრეს და ამას პარტიის თავმჯდომარე აპიარებდა თავის Facebook-ზე“, - აცხადებს მდინარაძე.
თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით „მოღალატე ჯაშუშები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“. პლაკატებზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩანან. მათ შორის ელენე ხოშტარია, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური. ეს არის პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებაზე, რომ თბილისში რუსული ოცნებისა და რუსულ კანონზე ხელმომწერების პოსტერებია გამოკრული.