თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ევროინტეგრაციისთვის სიმშვიდის შენარჩუნება უალტერნატივოა. ის მედიასთან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, დასავლური კლუბის მიერ თურქეთის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.
მისი თქმით, მიუხედავად ბევრი მცდელობისა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„რეგიონში რთული ვითარებაა, მხედველობაში მაქვს უკრაინის ომი. კარგად ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი. მიუხედავად ძალიან ბევრი მოწოდებისა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოვდივართ. ამ დამოკიდებულებით ვიქნებით მომავალშიც. ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მშვიდობა უალტერნატივოა. მშვიდობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და ასე მოვახერხოთ ევრონტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, რაც ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.