logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: დიახ, პრეზიდენტო, მსოფლიო იცვლება და ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ გაიმარჯვებს - ღირებულებებისგან დაცლილი ოცნება ქართველ ხალხს არ აქვს
- +

31 მარტი. 2023. 14:05

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს ტყუის და არჩევნებში მისი არჩევანი ანგარიშგასაწევი იყო.

 

„სალომე ზურაბიშვილს დაავიწყდა, თუ რისთვის აირჩია ხალხმა, უფრო სწორად, რისთვის ავარჩევინეთ ხალხს. ქართველ ამომრჩეველს ერთადერთი პრეტენზია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილისადმი - ჰქონდათ შიში, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის არ დაიცავდა საქართველოს ეროვნულ ღირსებას ევროატლანტიკურ გზაზე, ის მხოლოდ ლიბერალური ღირებულებების დამცველი იქნებოდა. ხალხის მოლოდინი ახდა. სალომე ზურაბიშვილი არის მაგალითი იმისა, რომ ხალხი არასოდეს ტყუის და მის არჩევანს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ქართველმა ხალხმა მას არჩევნებზე უთხრა - არა!

 

რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ძირითად აქცენტებს: გავრილოვის ღამეს, რუსეთის გზას, ქალთა უფლებების დაცვას, უკრაინის ომის თემას და სხვა, ისეთივე ბანალური იყო, როგორიც სხვა დროს. მის გამოსვლაში ახალი არაფერი თქმულა გარდა იგივე ცილისწამებისა, რაც ყოველ დღე გვესმის ოპოზიციური სპექტრისგან. სალომე ზურაბიშვილმა ერთად მოკრიბა მათი მესიჯები და პარლამენტის ტრიბუნიდან გაიმეორა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმ საგარეო კურსზე, რომელიც სწორედ დღევანდელი ხელისუფლების კონსტიტუციური არჩევანია და ამ ევროპის გზას უღალატოდ მიუყვება.

 

დიახ, ევროკავშირის შექმნა მშვიდობას ემსახურება და სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის ევროპარლამენტარებისგან ომისკენ მოწოდება და ქვეყნის შიგნით სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა.

 

ქალთა უფლებების დაცვა ცალმხრივად არ ხდება, სოლიდარობა ყველა ქალს სჭირდება, მათ შორის, „პოსტვ“-ის ჟურნალისტსაც.

 

ქართველი ხალხის ევროპული ოცნება არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, ჩვენი ოცნებაა ევროკავშირის ღირსეული წევრობა. შეურაცხყოფები და დამცირება რუსეთისგან არ ავიტანეთ და საკადრისი პასუხიც გავეცით. ღირსების გარეშე არც ერთ კავშირში არ გვსურს შესვლა, როგორი დიდი ოცნებაც არ უნდა იყოს ეს.

 

ქალბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხის მიზანიც მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გადარჩენა კი არა, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობაა, რაც დღეს არა გვაქვს დიახ, მსოფლიო იცვლება და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ გაიმარჯვებს. ღირებულებებისგან დაცლილი ოცნება ქართველ ხალხს არა გვაქვს!“ - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner