„2018 წელს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხოლოდ ერთი რამ გევალებოდათ, ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ეს ვერ მოახერხეთ: დეპოლარიზაციის ნაცვლად პოლარიზაციას აღვივებთ, ეროვნული თანხმობის ნაცვლად ეროვნულ უთანხმოებას უწყობთ ხელს,“ - ასე მიმართავს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
ბოჟაძის თქმით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში არა საქართველოს, არამედ რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენდა.
მისი შეფასებით, ზურაბიშვილი საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს და სიმართლის ნაცვლად, ტყუილებს ტირაჟირებს.
„2018 წელს ,,ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს, გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა დღეს პარლამენტში ვიხილეთ არა საქართველოს, არამედ რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი. სამწუხაროა, როცა პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს ომისა და ღალატის პარტიის ნარატივს: 1. თურმე არ ვეხმარებით უკრაინას, 2. თურმე არ ვყოფილვართ კანდიდატის სტატუსის ღირსები, 3. თურმე არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, 4. თურმე ჩვენ შევიცვალეთ და ა.შ. თუმცა, სიმართლე ყველაზე კარგად საქართველოს მოსახლეობამ იცის: 1. ჩვენ ყველანაირად დავეხმარეთ და ვეხმარებით უკრაინას, 2. ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს(ამას ევროკავშირიც აღიარებს). 3. დიახ, მეორე ფრონტის საფრთხე რეალურია, (ამას თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაც ადასტურებს). და 4. თქვენ არ შეცვლილხართ, ქალბატონო პრეზიდენტო, სამწუხაროდ, ზუსტად ის ყოფილხართ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები ამბობდნენ თქვენზე!
2018 წელს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხოლოდ ერთი რამ გევალებოდათ, ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ეს ვერ მოახერხეთ: დეპოლარიზაციის ნაცვლად პოლარიზაციას აღვივებთ, ეროვნული თანხმობის ნაცვლად ეროვნულ უთანხმოებას უწყობთ ხელს, სიმართლის ნაცვლად ტყუილის ტირაჟირებას ახდენთ, საქართველოს ინტერესების დაცვის ნაცვლად აზიანებთ სახელმწიფოს, მოსახლეობის ინტერესების დაცვის ნაცვლად რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს იცავთ! სამწუხაროა, რომ დასკვნით სიტყვაზე უარი თქვით, რადგან სათქმელი ალბათ აღარაფერი გაქვთ და კითხვებზე პასუხებსაც ამიტომ გაექეცით. მხოლოდ ერთ რამეს გისურვებთ, პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაში მაინც გააცნობიეროთ, რომ ქართველი ხალხის პრეზიდენტი ხართ და არა „ნაციონალური მოძრაობის“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.