აუდიტის ანგარიშში ასახულია ინფორმაცია სასაზღვრო პოლიციის ავიაპარკში აუდიტის საანგარიშო პერიოდში არსებული მდგომარეობის შესახებ - დღეს ანგარიშში არსებული პრობლემები მნიშვნელოვნად გამოსწორებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს, რომელიც განხორციელდა სასაზღვრო პოლიციაში.
პირველ რიგში, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუდიტის ანგარიში შეეხება 2019-2020 წლების პერიოდს და არ მოიცავს ინფორმაციას შემდგომ წლებში სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროგრესის შესახებ. აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე არ არის ასახული მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ყოველდღიურ რეჟიმში, არაერთი მიმართულებით ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს და ნერგავს თანამედროვე სიახლეებს, რომლებიც საზღვრის დაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს.
2022 წელს დამტკიცდა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სამოქმედო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელშიც წლების მიხედვით გაწერილია თითოეული სამინისტროს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი რეფორმები და მომდევნო წლებში შესასრულებელი სტრატეგიული ამოცანები. ამავე სტრატეგიაშია ასახული სასაზღვრო პოლიციის განვითარების გეგმაც, რასაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა 2023-2027 წლების სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია.
აუდიტის ანგარიშში ასახულია ინფორმაცია სასაზღვრო პოლიციის ავიაპარკში აუდიტის საანგარიშო პერიოდში არსებული მდგომარეობის შესახებ. დღეის მდგომარეობით, ანგარიშში არსებული პრობლემები მნიშვნელოვნად გამოსწორებულია.
კერძოდ: საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა პოლიციური, სამძებრო, სამაშველო და სატრანსპორტო ფუნქციების შესასრულებლად აღჭურვილი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, „Airbus Helicopters“ -ს ფირმის ,,H 145“-ის მოდელის 3 ახალი შვეულმფრენის შეძენა. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. „H145“ ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. პირველი შვეულმფრენი საქართველოში წლის ბოლოს შემოვა.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მიმდინარეობს მოქმედი საფრენი საშუალებების რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების ჩატარება და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო გარდაიქმნა სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტად. მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა მფრინავების ფორმა-აღჭურვილობა.
ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, მოწესრიგდა სამართლებრივი რეგულაციები.
რაც შეეხება სანაპირო დაცვას: 2019-2020 წლის საანგარიშო პერიოდის აუდიტის ანგარიშში საუბარია სანაპირო დაცვის დეპარტამენტში არსებული ხარვეზების შესახებ. გვსურს გაცნობოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ:
ქვეყნის ისტორიაში პირველად, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა, რის შედეგადაც NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმება საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, 2023 წელს, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფის NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მიზნით, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
დღეის მდგომარეობით, სანაპირო დაცვის ფლოტის შემადგენლობაშია 19 მცურავი საშუალება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გადმოგვეცა.
აქვე აღვნიშნავ, რომ მიმდინარე პერიოდში მცურავ საშუალებებზე დამონტაჟებულ იქნა თანამედროვე ტიპის სათვალთვალო კამერები, გარემონტდა და განახლდა ხომალდებსა და კატარღებზე არსებული სამაშველო ნავების ძრავები. ასევე, სრულად განახლდა სანაპირო დაცვის სპეციალური სარადარო სისტემა.
გარდა ტექნიკური გაუმჯობესებისა, აქტიურად მიმდინარეობს სანაპირო დაცვის თანამშრომელთა გადამზადების პროცესი და მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
აუდიტის ანგარიშში საუბარია სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.
რა თქმა უნდა, გამოწვევები დღესაც არსებობს და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ თითოეულ მესაზღვრეს ჰქონდეს უკეთესი პირობები, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ ქვეყნის სახელმწიფო საზღვარს. ბოლო პერიოდში, მედიისთვისაც ცნობილია და ანგარიშებშიც ასახულია, რომ არაერთი სასაზღვრო სექტორი აშენდა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პირობები.
ე.წ. მწვანე საზღვრის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც საზღვრის დაცვის ორგანიზების, მართვისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის მიმართულებით.
ბოლო წლებში აშენდა ახალი სასაზღვრო სექტორები: „ჯუთა“, „ჩიჩხიტური“, ,,ნიალა“, „თრუსო“, „ჩირუხი“. 2023 წელს დაიწყება და უახლოეს პერიოდში დასრულდება 10-მდე სასაზღვრო სექტორი.
აქტიურად მიმდინარეობს სახმელეთო საზღვრის თანამედროვე ელექტრონული მონიტორინგისა და დაკვირვების სისტემების დანერგვა-განვითარების პროცესი, რაც სასაზღვრო ზონასა და ზოლში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთის და სამართალდარღვევებზე მყისიერი რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სეგმენტზე მოეწყო თანამედროვე ელექტრონული დაკვირვების სისტემა, პრობლემურ მონაკვეთებზე დამონტაჟდა სასიგნალო ღობურა, რომელიც ასევე აღიჭურვა სათვალთვალო სისტემებით.
საანგარიშო პერიოდში სასაზღვრო პოლიციამ საკუთარი ძალებით, სხვადასხვა მონაკვეთზე მოაწყო სასიგნალო დამაბრკოლებელი ღობურა, გაივლო დამაბრკოლებელი მიწა-თხრილები.
სახმელეთო საზღვრის დაცვის სექტორები აღიჭურვა თანამედროვე, სხვადასხვა ტიპის, კავშირგაბმულობის, კომუნიკაციისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის ფოტო-ხაფანგებით, ბინოკლებით, თერმული ხედვისა და ღამის ხედვის ხელსაწყოებით.
აუდიტის ანგარიშში საუბარია სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღების, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ტექნიკური პრობლემების შესახებ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიმართულებით არსებობდა გარკვეული პრობლემები, თუმცა, 2022 წელს დამტკიცდა შესაბამისი ბრძანება, რომლითაც დადგინდა სექტორებზე იარაღისა და საბრძოლო მასალების რაოდენობის სტანდარტი, რის შედეგადაც მესაზღვრეებს გადაეცათ სრულიად ახალი შეიარაღება.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგინდა სასაზღვრო რეჟიმი, რომლის დარღვევისთვის დაწესდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დიფერენცირებული ჯარიმები.
სასაზღვრო პოლიციამ პირველად განახორციელა სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟი.
გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟება და მესაზღვრეების მიერ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმების მექანიზმების ამოქმედება ერთმნიშვნელოვნად აძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვას.
აუდიტის საანგარიშო პერიოდის შემდგომ წლებში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი.
2019-2020 წლების შემდეგ, სასაზღვრო პოლიციას გადაეცა 200-მდე ახალი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის მაღალი გამავლობის ავტომანქანები, თოვლმავალი, სამგზავრო ტრანსპორტი, ავტობუსი, წყალმზიდი, სატვირთო მანქანა და სხვა სპეციალური ტექნიკა.
რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა ფორმებს, საანგარიშო პერიოდი დაემთხვა პანდემიის პერიოდს, შესაბამისად, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეფერხებული იყო საწარმოო პროცესი და ლოჯისტიკური მომარაგება. ამასთანავე, სატენდერო პირობები მკაცრად გაწერილია კანონმდებლობით და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს უფლება არსებული პროცედურების გვერდის ავლით განახორციელოს შესყიდვები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე დადგა ეს პრობლემა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტის, სეზონის შესაბამისი ფორმა-ტანსაცმლით.
გვსურს ასევე განვმარტოთ, კვებასთან დაკავშირებული საკითხები და გაცნობოთ, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, როგორც სასაზღვრო სექტორებზე, ასევე, საგუშაგოებსა და სანაპირო დაცვის ხომალდებზე მუდმივად უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი კალორაჟის კვებით.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ კინოლოგიის მიმართულებით არსებული საკითხები.
არა თუ საქართველოში, არამედ მსოფლიოს არც ერთ წამყვან ქვეყანაში არ არის დადგენილი მსგავსი სტანდარტი, სასამსახურო ძაღლების რაოდენობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში თითქმის გაორმაგებულია ძაღლებისა და კინოლოგების რაოდენობა, რაც სრულად პასუხობს სამსახურის წინაშე მდგარ ამოცანებს.
2021-22 წლებში გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის როგორც სახმელეთო საზღვრის დაცვის, ასევე, სწრაფი რეაგირების კომპონენტები. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა, რის შედეგადაც გაიზარდა, როგორც თანამშრომელთა რიცხობრივი რაოდენობა, ასევე, ტექნიკური და მატერიალური საშუალებები.
აღნიშნული რეფორმებისა და ღონისძიებების განხორციელების შედეგად, სრულად და ეფექტიანად კონტროლდება საქართველოს როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სივრცე. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში იცავენ სახელმწიფოს საზღვარს, განსაკუთრებით, რეგიონში არსებული რთული მდგომარეობის გათვალისწინებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მზად არის, ნებისმიერ არგუმენტირებულ მოსაზრებას გასცეს შესაბამისი ციფრებითა და განხორციელებული რეფორმებით დასაბუთებული პასუხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.