თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. იყო გვერდზე მდგომ შენობებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შესაბამის სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება და მოგვიანებით გაკეთდება ამაზე განცხადება“, - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე, ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.