„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„პოლიტიკური „ინცესტის“ შედეგი... იგორ ივანოვის „ნაკურთხმა“ და ჯორჯ სოროსის დაფინანსებულმა ეგრეთ წოდებულმა ვარდების რევოლუციამ, ბევრ მანკიერებასთან ერთად, ისეთი მახინჯი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელსაც გადასაფასებლად თაობები სჭირდება. სააკაშვილ-მერაბიშვილის ძალადობრივი მეთოდებისა და ბენდუქიძე-ბოკერიას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის „ინცესტმა“ შექმნა პოლიტიკური კლასის ისეთი მახინჯი მემკვიდრეები, როგორებიცაა ხოშტარიას „დროა“, ვაშაძის „სტრატეგია“, ჯაფარიძის „გირჩი“, ჩერგოლეიშვილის „ევროპული საქართველო“ და ათობით უსამშობლო, გამრუდებული მორალის პოლიტიკური აქტორი.
მათი მორალით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ნულოვანი ტოლერანტობა, ბიზნესრეკეტი, აქტივისტების დახოცვა და გვამების მაღაზიის სახურავებზე შემოწყობა სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა, ხოლო, ოპოზიციაში ყოფნისას, დესტრუქცია, საბოტაჟი, არეულობა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობა - ნორმა, გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების აუცილებელი პირობა.
ესაა კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რა მოიტანა ე.წ. სოროსისეული გარდაქმნებისა და „მიშას გასაოცარი დემოკრატიის“ პოლიტიკურმა „ინცესტმა“. P.S. თვალსაჩინოებისთვის, ვინც ამ ლაზარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ, სწორედ ისინი არიან ამ ბარბაროსული აქტის დამგეგმავებიც და განმახორციელებლებიც, რადგან სამართალდამცველების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ცეცხლის წაკიდებით პოტენციურ მკვლელობას ცალკე, ერთეული მოქალაქეები არ გეგმავენ და უკონტროლოდ, ქაოტურად არ ახორციელებენ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.