logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანა არ შევარცხვინოთ!
- +

10 მარტი. 2016. 12:00



„ყველანი უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ როდესაც ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის მოცემული ქვეყნის კანონების განუხრელად დაცვას და იქაური წესების დაცვას.


„გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე იმედი გვაქვს, რომ საზღვრები გაიხსნება და შევძლებთ მოკლევადიანი მიზნებით, იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება თუ უბრალოდ სიახლეების ნახვა, ყოველგვარი რიგების, ვიზების და ბიუროკრატიის გარეშე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წარმატება კოლექტიური ძალისხმევის შედეგია, რისთვისაც პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.


აქვე თეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თუ შესაძლებელია თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ, თუ არა, მაშინ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით როგორ ისარგებლებენ უცხოეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.


"ყველას შეგხვედრიათ ალბათ ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში. ყოფილა ისეთი ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც იმის შიშით, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება, უკან ვეღარ შევა, საკუთარი ოჯახის წევრის გასვენებაშიც არ ჩამოსულა. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ ალბათ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები და თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ თუ ეს შესაძლებელია. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადონ, რომ უკვე როდესაც დადგება უვიზოდ მიმოსვლის დღე, ახალ პირობებში კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში. თუმცა პრობლემა ის არის, რომ უვიზოდ მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებას", - განაცხადა წულუკიანმა.


გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner