logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: არ უნდა დარჩეს გოგი ბოჭორიშვილის სიმართლით სავსე პოსტი "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"!
- +

1 აპრილი. 2023. 21:54

 

 

სუპერ!

 

 

არ უნდა დარჩეს ეს გულწრფელი წუხილით და სიმართლით სავსე პოსტი "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

 

 

... ისე, ჯანდაცვის მევეურებს, უპრიანია, შევახსენო, რომ პოსტის ავტორი ლეგენდარული ქირურგის გიორგი ბოჭორიშვილის ოჯახური დინასტიის წარმომადგენელია. და იცის, თანაც ძალიან კარგად, რასაც წერს.

 

 

გეყურებათ?

 

 

 

.....................

 

 

გოგი ბოჭორიშვილი: დაუშვებელია, რომ იქ, სადაც დღეს გრიგოლ მუხაძის ბიუსტი ჯერ კიდევ დგას,  მავანმა სამორინე, რესტორანი ან სასტუმრო ააშენოს

 

 

 

საქართველოში რესპუბლიკურ საავადმყოფოებს ბედი არ წყალობთ. დღეს ვნებათაღელვა ოდესღაც 1100 საწოლიანი სამკურნალო დაწესებულების ხვალინდელ დღეზეა. იგი 1974 წელს გაიხსნა. აქ გავიარე ორდინატურა და მეათე სართულზე მუშაობის დროს დავიცავი საკანდიდატოც.

 

 

მისი წინამორბედი კი უკვე გასხვისდა და იქ სამედიცინო დაწესებულება აღარ იქნება. მავანნი წერენ, რომ თანამედროვე მოთხოვნებს და მით უფრო მომავალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდაო! ასე ამბობენ საბურთალოს რესპუბლიკურზეც.

 

 

ამ ხალხს არ აქვს ნანახი შარიტეს კლინიკა ბერლინში, კეიზ ვესტერნ კლინიკები კლივლენდში, მემორიალური ჰოსპიტალი მანჰეტენზე, ბოტკინის კლინიკა მოსკოვში, სენტ ჯონის ჰოსპიტალი ვაითჩეპელში ლონდონში და უამრავი სხვა სამედიცინო მექა. ეს სამედიცინო ცენტრები მე-19 და მე-20 საუკუნეშია აშენებული. ვაიტჩეპელში საავადმყოფო საერთოდ მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზეა ასენებული. გარედან უძველესი და გრანდიოზული, შიგნით ულტრათანამედროვე. ყურმოკრულს არ მოგახსენებთ და ჩაქროლებით ნანახს. ნამუშევარი ვარ იქ.

 

 

აღმაშენებლის, პლეხანოვის, გამზირზე,  საქართველოს უპირველი სამკურნალო დაწესებულება, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს დაარსა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის შვილმა, დიდმა მთავრმა მიხეილ რომანოვმა, აუქციონზე გაიყიდა!

 

 

მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ეს სამედიცინო კერა  ქართული უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მთავარი და ძირითადი კლინიკური ბაზა გახდა. სწორედ აქ, ამ საავადმყოფოში მოღვაწეობდნენ დედა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის 3 დამაარსებლიდან (გ.მუხაძე, სპ.ვირსალაძე, ივ.თიკანაძე) ორი , ქირურგი გრიგოლ მუხაძე და თერაპევტი სპირიდონ ვირსალაძე. აქვე ეზოში ცხოვრობდნენ.   საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ საავადმყოფოს “ რესპუბლიკური საავადმყოფო“ დაერქვა, თუმცა ხალხში მიხეილის საავადმყოფოს, ან „მიხაილოვს“ ეძახდნენ.  ამ შენობებში თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ათეულ ათასობითი ექიმი  აღიზარდა. ეს საავადმყოფო გახლდათ  წამყვანი და უაღრესად ავტორიტეტული სამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც.

 

 

დღეს ეს ყოველივე იავარყოფილია და ის შენობები და ეზო-გარემო , რომელსაც ახსოვს გენიალური პროფესორები: ქირურგები გრიგოლ მუხაძე, მიხეილ ჩაჩავა, ეგნატე ფიფია,კონსტანტინე ვეფხვაძე, ალექსანდრე წულუკიძე,  დავით მამამთავრიშვილი, გიორგი ედიბერიძემ, კონსტანტინე ერისთავი, მამია კომახიძე, ერმალოზ თოდაძე, სოფიო ბუაჩიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, თენგიზ ახმეტელი, შოთა მაჭავარიანი, ზაალ კახიანი, თერაპევტები სპირიდონ ვირსალაძე, მიხეილ წინამძღვრიშვილი, კონსტანტინე ვირსალაძე, გივი მახტაძე,იოსებ ჯავახიშვილი,  რადიოლოგები ალექსანდრე კვალიაშვილი, კონსტანტინე გიორგაძე, ნევროლოგები იოსებ ყიფშიძე, მიხეილ მინდაძე, პათანატომები ვლადიმერ ჟღენტი, ირაკლი ტატიშვილი, არკადი ჯორბენაძე, უჩა გაბუნია, ლუარსაბ შარაშიძე, თამარ დეკანოსიძე, ოტორინოლარინგოლოგები ნიკოლოზ ასპისოვი, მიხეილ ონანოვი, თამაზ თოხაძე  და მრავალი სხვა გამოჩენილი მედიკოსი. ამ საავადმყოფოში მოღვაწე საოპერაციო და განყოფილების  მედდებმა თამარ მუხაძემ, ნათელა ქართველიშვილმა, მაყვალა ჭოლოკავამ, თამარ დარჩიამ  და სხვებმა ათასობით მედდა გაზარდეს.

 

 

სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი აქ ჩამოთვლილი პროფესორის არა მარტო სახელი, არამედ მათი ღვაწლიც კი  მედიკოსი სტუდენტებისთვის  უცნობია.იმიტომ რომ ქართული მედიცინის ისტორიას არა ასწავლიან, ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლზე ახალგაზრდებს არ ესაუბრებიან. ადრე ყველა დარგში შესავალი ლექციები ღვაწლმოსილ მედიკოსებს, სამკურნალო დაწესებულებების დიდ ტრადიციებსა და მიღწევებს ეძღვნებოდა.  30 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ბევრი რამ დაინგრა ,მათ შორის განათლების სისტემაც, თუმცა ის რაც ჯანდაცვაში მოხდა, როცა პრაქტიკულად მთელი ჰოსპიტალური სექტორი განკერძოვდა,და ტრადიციული ქართული სამედიცინო სკოლებიც დაინგრა, ამის ანალოგია მსოფლიოში არ მოიპოვება.

 

 

სამწუხაროდ სამედიცინო საზოგადოებამ ამ დაწესებულების გასხვისებასა და მომავალზე არავითარი რეაქცია არ გამოხატა.

 

 

დაუშვებელია, რომ იქ, სადაც დღეს გრიგოლ მუხაძის ბიუსტი ჯერ კიდევ დგას,  მავანმა სამორინე, რესტორანი ან სასტუმრო ააშენოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner