მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მათი სურვილია, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იგივე განათლება, რაც შესაძლებელია ევროპასა თუ აშშ-ში.
„მე მეტად წავახალისებ ამ პროცესს. მეტი დასავლური და ევროპული განათლება უნდა შემოვიტანოთ ჩვენს უნივერსიტეტებში და ეს რას ნიშნავს? - ჩვენ შევქმნით კონკრეტულ პროგრამასა და მექანიზმებს, რათა წავახალისოთ ერთობლივი, საერთაშორისო პროგრამების დანერგვა აქ, საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იგივე განათლება, რაც შესაძლებელია ევროპასა თუ აშშ-ში, ამიტომ ამას ექნება პრიორიტეტული მნიშვნელობა.
ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ძალიან მალე ჩვენს სტუდენტებს შევთავაზებთ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მექანიზმებს - იქნება ეს სწავლის გადასახადთან დაკავშირებული, თუ სხვადასხვა მიმართულებით. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, ჩვენ მათ დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ამილახვრის თქმით, სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დაახლოებით, ერთ თვეში წარუდგენს.