დავეთანხმები ბატონ დავით უსუფაშვილის შეფასებას ალბათ, იმ ნაწილში, რომ ეს იყო პრეზიდენტის გაბრაზებული გამოსვლა, თუმცა ვერ დავეთანხმები მაინც და მაინც სახელმწიფოს მეთაურის შეფასებაში, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.
მან პრეზიდენტის პარლამენტში გუშინდელი გამოსვლა შეაფასა და მან ამისათვის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მოიშველია.
„პრეზიდენტის გამოსვლა ბატონმა დავით უსუფაშვილმა შეაფასა, ჩვენ მოვისმინეთო გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა. დავეთანხმები მას ალბათ, იმ ნაწილში, რომ იყო გაბრაზებული გამოსვლა, თუმცა ვერ დავეთანხმები მაინც და მაინც სახელმწიფოს მეთაურის შეფასებაში, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა და იმ გამოწვევების სწორი გაანალიზება, რა გამოწვევების წინაშეც საქართველო დგას და მისი სწორი შეფასება.
დღეს ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით და დიდი სირთულე, რაც საქართველოსა და ხელისუფლების წინაშე დგას არის აღქმები და არასწორ აღქმებთან გამკლავება. ჩვენი ხელისუფლების მიზანი და პრეზიდენტს მოვიაზრებ საქართველოს ხელისუფლებაში, მიზანი უნდა იყოს ამ არასწორი აღქმების გაქარწყლება და არა ამ აღქმების გაძლიერება, ცეცხლზე ნავთის დასხმა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა საქართველოს პოზიციები სწორად წარმოჩინდეს, რადგან ქვეყანა საქმით ყველაფერს სწორად აკეთებს და ამას საერთაშორისო დონეზე აღიარებენ.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რატომ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი შარშან, ამის ახსნას ფაქტობრივად, ვერავინ გეტყვით. ვერავინ გეტყვით, რომ რაიმე ობიექტური მიზეზი არსებობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო - აუცილებლად დავალთ აღქმებამდე, რომელიც იქმნებოდა, იქმნება თუ შეიქმნა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.