რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" სტუმრობისას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის ბრალდებებს მის მიმართ, რომელიც კუპონიზაციასა და 1990-იანი წლების ფინანსურ კრიზისს შეეხებოდა.
„მე არაერთგზის მითხოვია ჟურნალისტებისთვის, სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩეველს ნუ გაუწევთ მაინცდამაინც დიდ რეკლამას. გოცირიძისთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ტელევიზიიდან გავცე პასუხები მის სისულელეებს. როცა ის გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მაშინ ჟურნალისტების მთელი ჯგუფი დამესხა თავს და გავაკეთე ძალიან მოკლე განცხადება, რომ ერთადერთი კაცი, ვინც არ შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არის რომან გოცირიძე-მეთქი. რას ბჟუტურებს რომან გოცირიძე?! „მადლიერმა" ქართველმა ხალხმა შეარქვა გოცირიძეს „ალ კუპონე" და კუპონებს - „გოცირიკები". ახლა რამდენიც გინდა აქნიოს ფეხები, ეს ფაქტია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისი აზრით, რომან გოცირიძის ოფიციალური სტატუსი დღესაც სააკაშვილის ეკონომიკური მრჩევლობაა.