logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: ვთხოვდი ყველას, დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა, სწორი არ არის
- +

2 აპრილი. 2023. 00:31

ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თემაზე საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს.

მინდა, ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წყლების არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს, თუმცა მშრალად, დათვალიერებითა და რამდენიმე წლის წინანდელი დასკვნებით, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ის, რაც მე ვთქვი, ეს იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. როცა რამეს ვარემონტებთ, ან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ, პირველ რიგში, ხარჯთეფექტურობა უნდა შევაფასოთ. რესპუბლიკური საავადმყოფო არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი.
დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი სწავლობდა აღნიშნულ შენობას და მათ აქვთ წინასწარი დასკვნები.

მე ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა, არაა სწორი. ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. სამედიცინო დაწესებულება ადამიანებს მაღალ სტანდარტსა და სრულ სამედიცინო სერვისის შესთავაზებს. ჩვენ სახელმწიფო კლინიკები უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ღირსეული ანაზღაურების გარეშე.

„ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებასა და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner