„ბოლო ხანებში რაღაც ძალიან გამოირჩევა ეს პიროვნება ოპოზიციის გულშემატკივრობით, გვახსოვს, მარტში, როდესაც აქცია დაიწყო, გამოეხმაურა, ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო. თითქოს სასურველი რაღაც დაინახა, თორემ არავითარი პარალელის გავლების შესაძლებლობა არ ჰქონდა ობიექტურად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება და არა ზოგადად პოლიტიკურ წრეებს.
„ის ჩამობრძანდა და მივიდა სრულიად გაუგებარ აქციაზე. გაუგებარს ვგულისხმობ შინაარსით, თორემ ყველას უფლება არის, გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ იქ გაკეთებული განცხადებები ცოტა უცნაურად გამოიყურება. თუ ვინმე ეგულება სხვა, ვინც „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა და შესაბამისად მიაწვდის ინფორმაციას სამართალდამცველებს, ვფიქრობ, აქაც არ იქნება გაუმართლებელი რეაგირება, მაგრამ ის, ვინც იდენტიფიცირებულია და ვისზეც ოპოზიცია ამბობდა, სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენო, აღმოჩნდა, რომ მათგან მართული ადამიანები იყვნენ. ესეთ უცნაურობებში გაეხვა ძალაუნებურად ჩვენი ოპოზიცია და რაღაც საკუთარი სურვილით ეხვევა ამ უცნაურობებში მაგალითად ქალბატონი ვიოლო ფონ კრამონი. ნამდვილად უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. მე პირადად არანაირი შეხვედრა არ მაქვს მასთან დაგეგმილი. დღის წესრიგიც ალბათ შედგა მისი სიმპათიების მიხედვით საქართველოში პოლიტიკური აქტორების მიმართ. ხვდება ოპოზიციას პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან და არა ზოგადად პოლიტიკურ წრეებს, ეს მისი არჩევანი და უფლებაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.