აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად. დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში.
მუნიციპალიტეტის მერებმა წარადგინეს დეტალური მონაცემები დაზარალებული ოჯახების და ინფრასტრუქტურის შესახებ. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და გზების აღდგენა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დონზე, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ასევე ცენტრალურმა უწყებებმა, ჯანდაცვის და სოციალურმა სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების გარეშე.
დღევანდელ სამუშაო თათბირს აჭარის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და აპარატის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.