ზაურ ბოლქვაძე მთელი არსებით პოეტი იყო, ქართველი (ხაზს ვუსვამ) პოეტი. მისი გულიდან სიყვარულით ამოზრდილი, „სისხლით დაწერილი წერილი“ სტრიქონები განსაკუთრებული სიფაქიზით, ამასთან მძლავრად გადმოსცემენ სათქმელს. სათქმელი კი ბევრია. იგი ლირიკოსი პოეტია. ეტრფის სამშობლოს, ბუნებას, ოჯახს, დიდი პატივით იგონებს წარსულს. სულისშემძვრელი სტრიქონები აქვს დედაზე, გამორჩეულად ეხება მეუღლეს - ნანა დარჩია-ბოლქვაძეს და სიყვარულით დაუოკებელია მისი საამაყო ქალიშვილის, ელისო ბოლქვაძის მიმართ დამოკიდებულება.
ზაურ ბოლქვაძის ლექსები სამშობლოზე, ქვეყნის წარსულზე ჭეშმარიტი ჭირისუფლის, განსაკუთრებული სიყვარული და მასზე ზრუნვის, მისთვის თავდადების რეალური წარმოსახვაა (ამის ჭეშმარიტი დასტურია ლექსების ციკლი „ბატონო საქართველოვ“) .
თუ ზაურ ბოლქვაძის დიდსა და მეტად საინტერესო პოეზიას ზოგადად შევხედავთ, აშკარაა, რომ იგი სიცოცხლის პოეტია. მნიშვნელოვანია მისი პოეზია მიძღვნილი ზოგადსაკაცობრიო პრობლემებისადმი, თანაც პოეტის ორიგინალური ხედვა არ ტოვებს მის შემოქმედებას. მისი ლექსები „ღმერთისადმი“, „დავით აღმაშენებელი (ციკლი)“, „შოთა რუსთაველი“, „ილია ჭავჭავაძეს“ და სხვ., ქვეყნის ბედით ღრმად დაინტერესებული, მასზე მოფიქრალი ადამიანის ღაღადისია.
დასკვნა: ზაურ ბოლქვაძის სახით საქართველოს ჰყავს ნიჭიერი, მაღალი ღირსებით შემკული ბრწყინვალე პოეტი: იქნებ, ცოტა შეუფასებელი... იქნებ, ნაკლებ დაფასებული.
ჩვენი პოეტის შემოქმედება ჭეშმარიტად მის დიდოსტატობაზე ლაპარაკობს.