„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და კანონსაწინააღმდეგო ფორმით გამოხატვა არის დაუშვებელი, მიუღებელი“, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა უპასუხა მათაც, ვინც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი მისი სპეციფიკური გარეგნობის გამო შეარჩია და მისი დასჯა გადაწყვიტა იმისთვის, რომ დააშინოს საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდები.
„როგორიც არ უნდა იყოს ჰაბიტუსით, გარეგნობით, რა სქესის, რა ეროვნების, რა რელიგიის, ამას არ აქვს მნიშვნელობა - [დამნაშავე] უნდა დაისაჯოს. წარმოუდგენელია, ვცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც თუ ვინმე ჩათვლის, რომ წმინდაა ის იდეა, რომლის სამსახურშიც ის ადგება და მოლოტოვის კოქტეილებს დაუშენს სხვებს, ეს სწორად მიგვაჩნდეს. არ შეიძლება ასე. ლეტალურია ეს [მოლოტოვის კოქტეილი]. წარმოვიდგინოთ, რომ ავტომატი მოიტანა ვიღაცამ და ცეცხლი გაუხსნა პოლიციას. დადგებიან მერე ბოკერია, ფონ კრამონი და იტყვიან, რომ ეს დემოკრატიის მოტივებიდან გამომდინარე გამართლებული იყოს? რა გამოდის, იცით? შეიძლება სადღაც რაღაც ტერორისტულ ორგანიზაციასაც მიაჩნია, რომ მისი მოტივი გონივრულია. ასეთივე აზროვნების ხალხია, როგორც ჩანს, ხალხი, რომელიც დღეს ცდილობს შეგნებულად გაამართლოს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა პოლიციელების წინააღმდეგ“, - განაცხადა სარჯველაძემ.