„მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც მე გამიჩნდა პრეზიდენტის გამოსვლისას, ეს იყო ის, რომ ანა ნაცვლიშვილის, ან ნიკა მაჭუტაძის, ან ანა წითლიძის გამოსვლებისგან დიდად შორს წასული ან განსხვავებული პრეზიდენტის გამოსვლა, ჩემდა სამწუხაროდ, არ იყო“, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ზედმეტად მიკერძოებული უწოდა.
დეპუტატი პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შეფასება „ქართული ოცნების“ „ფერისცვალების“ შესახებ მცდარია.
„რატომ არ ახსენა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები? გახსოვთ დიდი ხნის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, საერთაშორისო ასპარეზზე რა მნიშვნელობა აქვს ამ თქვენს რეზოლუციების მხარდაჭერასო? [ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერ] 38 თუ 39 ქვეყანასთან ერთად საქართველოც იყო. ამ რეზოლუციის შედეგად გაიცა ის ორდერი, რომლითაც დღეს მთელი ევროპა ამაყობს. საქართველოსთან მიერთება ვერ გაბედა ბევრმა დიდმა სახელმწიფომ. ეს რატომ არ თქვა პრეზიდენტმა? ხომ შეეძლო ეთქვა? ამ შემთხვევაში იქნებოდა მიუკერძოებელი“, - განაცხადა სარჯველაძემ.