logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: პარტნიორები და ჩვენი დაუძინებელი მეგობრები გვეუბნებიან, თქვენ იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და მოვიწონებთო, ეს რას ნიშნავს - თავისუფლებას, სუვერენიტეტს თუ კოლონიურ მმართველობას?
- +

3 აპრილი. 2023. 11:50

 

 

„სტრატეგიული პარტნიორები გვეუბნებიან, ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე ვერ გაჩნდება, ან თუ გაჩნდება, კანონი მთელი სიმკაცრით მაშინვე დაიწყებს ამოქმედებას და დაიცავს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. თქვენთან კი თუ მიზანშეწონილად ჩავთვლით, დავაფინანსებთ და „ვარდების რევოლუციას“ დავარქმევთ სახელმწიფო გადატრიალებას,“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ რუსული ჩექმისგან გათავისუფლება რომ გვინდოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად ვართ ერთი გალიიდან მეორე გალიაში შევიდეთ, გვერქვას დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ ვიყოთ დამცირებულები, დამონებულები და დამოუკიდებლად არაფრის გადაწყვეტა არ შეგვეძლოს.

 

„იზეიმა საქართველოში დამოუკიდებლობამ“(?!) 80-90-იანი წლების ახალგაზრდა თაობა ამ ჯადოსნური და მიმზიდველი ლოზუნგის აკომპანიმენტის ფონზე გაიზარდა. სიტყვა „დამოუკიდებლობას“ ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ვიგებდით, ვითავისებდით და ვგულისხმობდით, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ნიშნავდა მის სუვერენულ უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე.

 

სუვერენიტეტი ნიშნავს, მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ყველა წესის და კანონის თავად ამ ტერიტორიის მიერ დაწესებას, და მხოლოდ მის მიერ. სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე სახელმწიფო არ არის და რომელიმე სხვა სახელმწიფოს ნაწილს ან კოლონიას წარმოადგენს.

 

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, 32 წლის წინ გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს რეალურად შეიცავს იმ შინაარსს, რაც იგულისხმება სუვერენიტეტის განმარტებაში და რა შინაარსსაც დებდა ჩემი თაობა საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში?

 

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხია - არა! მივყვეთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

 

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეუბნებიან, თქვენ არა ხართ იმ დონეზე განვითარებული საზოგადოება, რომ იმავე კრიტერიუმებით და სტანდარტებით მოგიდგეთ, როგორც ეს ხდება ჩვენთანო. მაგალითად, თუ პარლამენტზე შტურმი ხორციელდება აშშ სა და ევროპაში, ჩვენ მას შიდა ტერორად განვიხილავთ, მასში მონაწილე ასეულობით ადამიანს ხანგრძლივი ვადით ციხეში ვუშვებთ. თქვენთან კი იგივე ქმედებას, პარლამენტის შტურმს ჩვენ გამოხატვის თავისუფლებად განვიხილავთ, ამისათვის დაპატიმრებულ ერთ კაცსაც კი „პოლიტპატიმრად“ ვაფასებთ, - რის გამოც მთელი ევროპა დაგესევათ და გაიძულებთ, ეს „პოლიტპატიმარი“ გაათავისუფლოთო.

 

უფრო მეტიც, ჩვენ ასეთი შტურმის დროს შეგვიძლია 5 თავდამსხმელი მოვკლათ და ამის ჩამდენი პოლიციელები სახელმწიფომ დააჯილდოვოს, ხოლო თუ თქვენთან შტურმის დროს ვინმეს თვალი დაუზიანდა და ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტის დამცველი პოლიციელები უნდა დასაჯოთო.

 

როგორ ფიქრობთ რას ეფუძნება ეს ლოგიკა, ორმაგ სტანდარტს თუ კოლონიურ მმართველობას?

 

პარტნიორები და ჩვენი დაუძინებელი მეგობრები გვეუბნებიან, ჩვენ ის კანონი უნდა მივიღოთ, რასაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავთვლით საჭიროდ, ხოლო თქვენ მხოლოდ ის კანონები უნდა მიიღოთ რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია თუნდაც ის ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ინტერესებს და იმოქმედოთ ისე როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და მოვიწონებთო.

 

ეს რას ნიშნავს? თავისუფლებას, სუვერენიტეტს თუ კოლონიურ მმართველობას?

 

ჩვენი ტრადიცია სექსუალური უმცირესობების წახალისებაა და ვახდენთ ამის ხელშეწყობას. თქვენს ტრადიციებში ეს არ თავსდება, მიუღებელია, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა ჩაატაროთ გეი პარადები, ლგბტ თემის წამახალისებელი ის ღონისძიებები, რასაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ და ვაფინანსებთო. საწინააღმდეგო პოზიციის გამოთქმას, აზრის დაფიქსირებას ჩვენ განვიხილავთ ჰომოფობიად და მოგაკერებთ იარლიყს. მოვახდენთ თქვენს კეთროვანად გამოცხადებას, საზოგადოებისგან განკვეთას, ისეთ დემონიზაციას, რომ თქვენს გვერდით გავლაც კი სამარცხვინო იყოსო.

 

თქვენს შეფასებას, რომ ამით გერთმევათ გამოხატვის თავისუფლება, არავინ მიაქცევს ყურადღებასო. რატომ?

 

„ასეა საჭირო და მიტომ“-ო.

 

სტრატეგიული პარტნიორები გვეუბნებიან, ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე ვერ გაჩნდება, ან თუ გაჩნდება, კანონი მთელი სიმკაცრით მაშინვე დაიწყებს ამოქმედებას და დაიცავს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. თქვენთან კი თუ მიზანშეწონილად ჩავთვლით დავაფინანსებთ და „ვარდების რევოლუციას“ დავარქმევთ სახელმწიფო გადატრიალებას. გადატრიალების შედეგად ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამამყარებლებს „დემოკრატიის შუქურას“ ვუწოდებთ და ამ ყველაფერს ქართველ ხალხზე ზრუნვად შეგასაღებთო.

 

სტრატეგიული პარტნიორები გვეუბნებიან, 2021 წლის 5 ივლისის აქციის დროს ჩვენი ინტერესების გამტარებლების წინააღმდეგ გამოსული ადამიანები მუშტის მოქნევისთვის 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით რომ დაისაჯნენ, ეს არასაკმარისია, მათთვის მეტი სასჯელი უნდა ყოფილიყო, მათი წამქეზებლებიც უნდა დასჯილიყვნენ. რაც შეეხება 2023 წლის 7-8 მარტის მოვლენებს, ამ შემთხვევაში პოლიციელების წინააღმდეგ ქვებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მსროლელი და პარლამენტის შენობაზე ვანდალური შტურმის განმახორციელებელი ახალგაზრდების დასჯა არავინ გაბედოს, რადგან ამას დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩაგითვლითო.

 

თუ თქვენი კონსტიტუცია ან კანონები, ჩვენს ინტერესებთან წინააღმდეგობაშია, ან შეცვალეთ ან გვერდზე გადადეთ. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩვენ კანონის უზენაესობა საერთოდ არ გვაინტერესებს. მოკლედ, როცა გვინდა და როგორც გვინდა, ისე უნდა იმოქმედოთ. რაც შეეხება არჩევნებს, ესეც ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ,-ჩვენ უნდა შეგიფასოთ, შედგა თუ არა თქვენი არჩევნები და არა თქვენმა სასამართლოებმა, ცესკომ თუ ქართველმა ხალხმა. ხოლო თუ ვინმე გაბედავს და შეგვახსენებს, რომ ასეთი მიდგომა ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება, იმას მაშინვე „რუსეთის აგენტისა“ და „პუტინისტის“ იარლიყს მივაწებებთო.

 

ბოლო დღეებში განსაკუთრებით კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის მანქანის დაწვის „გამპრავებელი“ პოლიტიკოსები და ე. წ. უფლებადამცველები. მათი ლოგიკიდან გამოდის, რომ რადგან დაკავებული ვინმე ლაზარე „კეთილი“ საქმისთვის იბრძოდა და „ნათელი“ მიზნებისთვის სჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულს, მას რომ პოლიციელი მოეკლა (ან რამდენიმეც დაეხოცა), ამის უფლებაც ჰქონდა და მას ოდიოზური პოლიტიკოსები და „უფლებადამცველები“ მაინც დაიცავდნენ. მერე რა, რომ ახლახან საფრანგეთში მიმდინარე აქციების დროს პოლიციელებზე თავდამსხმელი ასეულობით ადამიანი დააკავეს და ათეულობით მათგანს სისხლის სამართლის დანაშაულში წაუყენეს ბრალი, ეს ხომ იქ ხდება, მაღალგანვითარებულ ევროპაში, ხოლო ჩვენ ჯერ ისევ პაპუასები ვართ და ამიტომ აქ კანონი კი არა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპი მოქმედებს. ფაქტობრივად ამას გვეუბნება „მაგარი ბიჭი“ ლაზარეს დასაცავად თბილისში ჩამოსული მაღალგანვითარებული დემოკრატიის წარმომადგენელი გერმანელი ვიოლა ფონ კრამონიც.

 

რომელ ევროკავშირში ან ევროპარლამენტში გვეპატიჟება ვიოლა დეიდა, რომელიც მკვლელ, ადამიანების გამაუპატიურებელ, მწამებელ და ქვეყნის დამშლელ, ნაწილებად გამსხვისებელ, მედიის და ბიზნესის რეკეტიორი სააკაშვილის პასუხისმგებლობის არიდებისთვის იბრძვის?

 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არა ჩვენი, არამედ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოგვცემთ ან არ მოგვცემთ, თორემ თქვენ რომ დემოკრატია და სამართლიანობა გაინტერესებდეთ, ჩვენს ქვეყანას ასე დამამცირებლად არ მოექცეოდით.

 

იმით დავასრულებთ, რითაც დავიწყეთ: სიტყვა „დამოუკიდებლობას“ ჩვენ ისევ პირდაპირი მნიშვნელობით ვიგებთ და ვგულისხმობთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ნიშნავს მის სუვერენულ უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე და საკუთარ კანონებზე. ამიტომ რუსული ჩექმისგან გათავისუფლება რომ გვინდოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად ვართ, ერთი გალიიდან მეორე გალიაში შევიდეთ, გვერქვას დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ ვიყოთ დამცირებულები, დამონებულები და დამოუკიდებლად არაფრის გადაწყვეტა არ შეგვეძლოს“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner