„ვიოლა ფონ კრამონის გამოჩენამ, პრაქტიკულად, ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავება წაახალისა. ის იმ ქმედების მხარდამჭერად წარმოჩნდა, რომელიც დასავლეთშიც და საქართველოშიც კრიმინალადაა შეფასებული. მოლოტოვის კოქტეილების სროლა გამოხატვის თავისუფლების იარაღად გამოყენებული ვერ იქნება - ამას პასუხისმგებლობა მოჰყვება,“ - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
მისივე თქმით, სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა საქართველოშიც ისევე დასჯადია, როგორც - დასავლეთში.
„ასეთი პასუხისმგებლობაა დასავლეთშიც, როცა იქ ასეთი რამ ხდება, საქართველოშიც ასეთი პასუხისმგებლობა იქნება. ამ ქმედებას ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმაცია, საიდანაც არ უნდა იყოს ტრანსპორტირებული, რადგან ეს ხელს უწყობს იმ სცენარის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უკრაინიზაციასა და მათთვის ესოდენ ნანატრი მაიდანის შექმნას. ქართულ პოლიტიკაში ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები სიცრუით და ძალადობით არიან შეიარაღებულნი. მათ სურთ, ახალგაზრდების ემოცია საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ. მათი მხრიდან ეს დანაშაულია. რაც ამ ახალგაზრდამ [გრიგორიადისმა] ჩაიდინა, მიუღებელია. ემოცია მესმის, მაგრამ არ მესმის, როდესაც ამ ემოციაც თან სდევს „მოლოტოვის კოქტეილი“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.