საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა შერაზ გასრის საქართველოში ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საერთაშორისო პარტნიორებისა და საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს; აღინიშნა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივი კონტრიბუციის, „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი და აქტიური ჩართულობა.
საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრა უკვე გამართა. შერაზ გასრი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის ბოლოს დაინიშნა. წლების განმავლობაში ფრანგი დიპლომატი გაერო-ში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.