"ჩვენი ინფორმაცია და კეზერაშვილის ეს განცხადება ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს - ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ეს ადამიანი აფინანსებს ტელევიზიებს, „ენჯეო“ სექტორის ნაწილს, პარტიებს, მან ეს გუშინ დაადასტურა, "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დავით კეზერაშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.
„ოღონდ, არცერთი პარტია, რომელიც ფინანსდება მისგან, ამას არ ადასტურებს, იმიტომ, რომ დეკლარაციაში არ აქვთ ეს მითითებული. ანუ, მათ უკანონო შემოსავლები აქვთ, ბუნებრივია, უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ფაქტია, ადამიანი ამბობს, რომ აფინანსებს პარტიებს, თუმცა, არ აღმოჩნდა საქართველოში არცერთი პარტია, რომელიც გაბედავდა და ამას დაადასტურებდა, რადგან დამალული აქვთ ეს შემოსავლები და არცერთ მათგანს ერთი თეთრი არ აქვს მითითებული აუდიტის სამსახურში, რისი ვალდებულებაც გააჩნიათ. მან ისაუბრა „ენჯეო“ სექტორზეც. მათ დაარქვეს რუსული კანონი (სწორედ გამჭვირვალობას ეხებოდა ეს კანონი). კანონიც სწორედ ამას ემსახურებოდა - უნდა მომხდარიყო ქვეყნის გარედან შემოსული დაფინანსების დეკლარირება. მეტი კანონში არაფერი ეწერა“, - განაცხადა მდინარაძემ.