"ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს [ლაზარე გრიგორიადისს], რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმეზე უნდა დაისაჯონ ორგანიზატორებიც, თუკი გამოძიებას მყარი მტკიცებულებები ექნება.
„ძალიან უცნაურია, რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობაში და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში. ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ბუნებრივია, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, თუკი გამოძიებას ექნება მყარი მტკიცებულებები. კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და დღეს ეფარება კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში და მეორეს მხრივ, ცდილობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით მას მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა მდინარაძემ.