ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მიუსამძიმრა გონიოში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და განსაკუთრებული თანადგომა გამოუცხადა მათ.
„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, თავდაცვის სამინისტროს, დაღუპულების ოჯახებს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაკრძალავენ ტრაგიკულად დაღუპულ სამხედროებს, იაგო შარაძეს და გიორგი ნანეტაშვილს. განსაკუთრებული თანადგომა მინდა გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ემსახურება მისი ამ ფორმით გამოსვლები და რატომ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ მისი აზრი, უპასუხა, რომ მისი ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის კეთილოდღეობაა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ მან საკმაოდ კარგი მენეჯმენტი აჩვენა. ივანიშვილის თქმით, იგი თავად იყო იმ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილე, რომელიც კარგი შედეგებით დასრულდა.
„თუ გაიხსენებთ ჩემს განცხადებას, არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს, არ მაქვს თანამდებობრივი ამბიცია და მე ეს ჩემი ქმედებით დავამტკიცე.
ჩემი მთავარი ინტერესი ჩემი ქვეყანაა და მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს პასუხისმგებლობის განცდა, რომ როგორც შემიძლია, ვიზრუნო ჩემს ქვეყანაზე. ჩემი პირადი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, რომ მეც, ჩემს შვილებსაც და თქვენს შვილებსაც თანაბარი პირობები ჰქონდეთ და ეცხოვრებოდეთ საკუთარ ქვეყანაში. აი, ეს არის ჩემი პირადი ინტერესი. ამაზე ნაკლები პირადული ინტერესი, ჩემი აზრით, არცერთ მოქალაქეს არ უნდა გააჩნდეს.
პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე. რობერტ სტურუა რამდენჯერმე ამოვიდა ჩემთან და მითხრა, ამათ უსისხლოდ ვერ გაუშვებთო, მაგრამ წინა ხელისუფლებას ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარებინეთ სადავეები და ეს იყო ხელოვნება. მე ამ ყველაფრის ლიდერი და მონაწილე ვიყავი და სწორედ ეს მაძლევს უფლებას, ჩვენს ამომრჩეველს შევახსენო, რომ კარგი როლი ვითამაშე და ესეც უმატებს ჩემს სიტყვებს ფასს, და ვთხოვ მოსახლეობას, რომ ანალიზში, რაც არ არის მარტივი გასაკეთებელი, მაქსიმალურად გამოგვყვნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.