„არ წყდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გამოყენება ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად ე.წ. პოლიტიკოსების ნაწილის და ე.წ. აქტივისტების მხრიდან“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული სტრატეგიული მიზანი პოლიტიკურ სპექტრს, იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, მათ კი ეს ,,მოლოტოვის კოქტეილად” აქციეს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ჩრდილოელი მეზობელი, წესით, ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში რომ უნდა გვაერთიანებდეს, აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული. სინამდვილეში, არც ,,რუსული კანონები” არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც ,,რუსული ხელისუფლება’’ როგორც ამას ცდილობთ რომ წარმოაჩინოთ, არც ,,რუსული ოცნება”, რომელზეც ალბათ თქვენ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის ,,პუტინის პატიმარი”. სინამდვილეში არსებობს ,,რუსული მიზანი’’, რომელსაც ზოგი შეგნებულად, ზოგიც ალბათ გაუცნობიერებლად, ერთგულად ემსახურებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს წარმოჩენა უკრაინის მოწინააღმდეგედ და რუსეთის მოკავშირედ მხოლოდ მტრის ინტერესში შეიძლება შედიოდეს.
„ამას თქვენ აკეთებთ მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პოლიტიკურად მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის გვერდში დასადგომად, მიუხედავად არაერთი უსაფუძვლო ბრალდებისა და არაერთი უმძიმესი განცხადებისა. ამას აკეთებთ მაშინ, როდესაც საქართველოს მსგავსად დაუცველი საფრთხეებისგან, დღეს ევროპაში არც ერთი სახელმწიფო არ არის. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად წარმოჩენა? თქვენ ამის გაკეთება სცადეთ! უსაფუძვლო და დამაზიანებელ ბრალდებებს უყენებთ საკუთარ სამშობლოს და ამას აკეთებთ ყველგან, სადაც კი ხელი მიგიწვდებათ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელი შეძლო, რომ საქართველო არც ე.წ. შავ ხვრელად ქცეულიყო და არც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს დამუქრებოდა საფრთხე.
„ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის გამყოფად ჩადგომა? თქვენ ამის გაკეთებას ცდილობთ, მაშინ, როდესაც სწორედ ეს ხელისუფლება არის საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან სწრაფად დააახლოების ავტორიც, შემსრულებელიც და გარანტიც. სტანდარტებთან, რაც ქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ საფუძვლებს, რომელსაც თქვენ ფორმალობას უწოდებთ და აუფასურებთ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია და სინგაპურიზაცია, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება.
„ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს დღეს ხელისუფლების ლეგიტიმაციის შერყევა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება და დასუსტება, არჩევნების გაუქმება და ხელისუფლების ხელში ჩაგდების არაკონსტიტუციური გზების ძიება? თქვენ ამას აკეთებთ დიდი მონდომებით, ამ ქვეყანაში სტაბილურობის შესარყევად და მხოლოდ მტრისთვის ხელსაყრელი არეულობის შესაქმნელად. ცრუ კამპანიები, რაც აწარმოეთ, ყველა უკან დაგიბრუნდათ ერთი მიზეზით, ქართველი ხალხის მოტყუება რთულია. ამიტომ, შეეშვით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ბრძოლის იარაღად გამოყენებას. ეს მხოლოდ აზიანებს ქვეყანას და ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.