logo_geo
eng_logo
გურამ გურამიშვილი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ტრავმების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია
- +

4 აპრილი. 2023. 15:55

 

 

„2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, შემცირდა როგორც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, ასევე მათგან გამოწვეული  დაშავების და  გარდაცვალების მაჩვენებლები. კერძოდ, საგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირდა  6,7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 2,4%-ით, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი კი შემცირდა - 4,2%-ით, თუმცა აღნიშნული მონაცემები კვლავ მნიშვნელოვნად მაღალი რჩება, რაც გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე.

 

კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირები.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მიღებული ტრავმების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართულებით. მათ შორის, ის განაპირობებს ჯანმრთელი ცხოვრების წლების გახანგრძლივებასა და შრომისუნარიანობის ზრდას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. გურამ გურამიშვილის თქმით, აღნიშნულს პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

 

სხდომაზე განხილულ იქნა 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, დადებითად შეფასდა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მიმდინარეობა, რომელიც შეეხება საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებას და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერას საქართველოში. ასევე ყურადღება გამახვილდა ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციის მიზნით გამართულ აქტივობებზე და სხვ.

 

კომისია ჩამოყალიბდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით 2023 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავრობის №353 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner