logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ეს კაი კაცი მეწიგნე ფაფუკა გახლავთ...
- +

4 აპრილი. 2023. 16:49

 

 

ეს კაი კაცი მეწიგნე ფაფუკა გახლავთ, აცხონოს ღმერთმა.

 

1876 წელს, ქალაქის თავად (მერი) მოსვლისთანავე, დიმიტრი ყიფიანი პირველი იყო, ვისაც „წიგნის უბნის“ შექმნის იდეა გაუჩნდა და ორ წელიწადში განახორციელა კიდეც ეს ოცნება. „წიგნის უბანი“ განოვსკაიაზე გაშენდა (ახლანდელი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა) და სულ მალე ქუჩის მწიგნობრები ველიამინოვის ქუჩასაც მოედნენ. იქ ძირითადად ღვინის სარდაფები იყო, სადაც კურდღელოვის მარანში, სხვათა ღვინოებს შორის, თავად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ჩინებული კახური ღვინოებიც იყიდებოდა, ხოლო ამ სარდაფის გვერდით მეწიგნე ფაფუკა ილიასავე წიგნებს ყიდდა, რაზეც ბევრს ხუმრობდა ხოლმე აკაკი.

 

იმ თბილისს ძალიან ამშვენებდა თურმე „წიგნის ქუჩა“, ფაფუკას ხელით გაყიდული ილია ჭავჭავაძის წიგნები და მაშინდელი თბილისელების წიგნის სიყვარული.

 

ფაქტია, სწორედ ფაფუკა გახდა თბილისის კოლორიტი მეწიგნე და დედაქალაქის პირველი ბუკინისტი.

 

P.S. ისე, რა კარგი იქნებოდა, დღესაც რომ რომელიმე ქუჩა სპეციალიზირებულ „წიგნის ქუჩად“ (უბნად) გადაეკეთებინათ? მგონია, რომ თანადათან დაბრუნდებოდა „სადაღაც გადაკარგული“ წიგნის სიყვარული. ღია სივრცეს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. დაცული ქუჩა თავიდან ბოლომდე წიგნებით აივსებოდა და, რა თქმა უნდა, თანდათან შეეჩვეოდა და შეიყვარებდა დიდი და პატარა. უჰ, კიდევ რამდენი კარგი რამის მოფიქრებაა შესაძლებელი ასეთ ქუჩაზე. მაგალითად: გადახურული და ღია კაფეები, სამკითხველოები, გამწვანება, ჩეროში კითხვა, მწერლების და პოეტების შეხვედრა, მინი სცენა, ლექსაობა, ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარული, ახალი ამბები, ახალი წიგნები, ახალი ავტორები... ძველი და ახალი წიგნები და მთავარი, თაობების მეგობრობა...

 

მაგრამ ახლა აქ გავჩერდები.

 

არ მეთანხმებით, რომ მართლა ძალიან გვჭირდება „წიგნისუბანი“ და „წიგნის ქუჩა?“ და არა მეტროს ამოსავლელის დირეზე ან მიმდებარედ ჩამწკრივებული წიგნები. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოუხდებოდა ჩვენს თბილისს. იმ თბილისს, ჯერ კიდევ რომ ახსოვს წიგნიც, დიმიტრი გელოვანიც, ფაფუკაც და ერთმანეთის სიყვარული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner