logo_geo
eng_logo
PACE-ს თანამომხსენებლები: მრავალი რეფორმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა გაწევრიანდა ევროპის საბჭოში და მიღწეულია პროგრესი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად
- +

4 აპრილი. 2023. 19:34

27-29 მარტს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გზაჯვარედინზე დგას.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა, ქართველები ევროპელები არიან. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე განაცხადა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ჩვენ ყოველთვის სრულად ვუჭერდით მხარს და დაუღალავად ვმუშაობდით ქვეყნის სრული ინტეგრაციისთვის ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოებში. საქართველო და მისი მოქალაქეები ამას იმსახურებენ. მრავალი რეფორმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა გაწევრიანდა ევროპის საბჭოში და მიღწეულია კარგი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების ფუნქციონირების ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.

მათივე თქმით, საქართველო გზაჯვარედინზეა. „საქართველო გზაჯვარედინზეა. საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ევროკომისიის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს“, - აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.

თანამომხსენებლები ასევე ხაზგასმით ამბობენ, რომ აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მტკიცედ დაგმონ და საჭიროების შემთხვევაში გამოიძიონ თავდასხმები, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციების გაჩუმებასა და სტიგმატიზაციას.

მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი.

თანამომხსენებლები მიესალმნენ ხელისუფლების მზადყოფნას, ებრძოლოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ანგარებიანი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენას, თუმცა, გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ რთული იქნება ამ კანონის ფარგლებში მიღებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შეჯერება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, თანამომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner