საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ სიცრუეზე განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციად ქცეულ სრულიად აბსურდულ და ცრუ ბრალდებებს რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვასთან და რიკოთის პროექტის განხორციელების პროცესში ვითომდა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით.
ბრალდების ავტორები, როგორც წესი, თავიანთი გამოგონილი ბრალდებების საფუძვლად ვერაფერს ასახელებენ და ყოველგვარი ფაქტის, ფაქტობრივი გარემოების თუ მსჯელობის გარეშე, ცილს სწამებენ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ურთულესი პროექტის განხორციელებაში ჩართულ უამრავ ადამიანს, ადგილობრივ თუ უცხოელ სპეციალისტსა და ორგანიზაციას. „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ტყუილის ერთადერთი მიზანი ისევ ვიწრო პარტიული ინტერესი, სახელმწიფო უწყებებისა და მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაციის მცდელობაა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით გადართვის მიზეზს, აღნიშნულის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საზოგადოებას არაერთხელ მიაწოდა.
კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აიკრძალა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის მონაკვეთი) გააქტიურებული მეწყრული პროცესის გამო. მეწყრული უბანი მდებარეობს არა ახალ აშენებულ, არამედ არსებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს, მთის ფერდზე, რომელზე დაკვირვების შედეგადაც, გამოვლინდა ბზარების ზრდის ტენდენცია. სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძვლზე, ნებისმიერი შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკძალა.
პარალელურად, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, დაიწყო მეწყრული უბნის შესწავლისა და კვლევის აქტიური პროცესი. მოცემულ ეტაპზე, დასრულებულია რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოვების სამუშაოები, მიმდინარეობს გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები და გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები. მიმდინარე კვირის ბოლოს, პირველადი, წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის ვადებზე მსჯელობა. აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებაზე საავტომობილო გადაადგილება კი, შეუფერხებლად მიმდინარეობს ალტერნატიული მარშრუტით - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზით.
შესაბამისად, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის დროებით აკრძალვის საფუძვლად ნებისმიერი სხვა მიზეზის დასახელება, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.