logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: არ გადავდგები!
- +

5 აპრილი. 2023. 10:04

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ და მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება

 

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დამოუკიდებელი მედია იყო აქტიური და გამოხატავდა შეხედულებების ფართო სპექტრს, თუმცა, ჩავარდნაც გვქონია - იმავე ანგარიშში ვკითხულობთ: „მედია ადვოკატირების კოალიციამ“ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ვასილ მაღალაფერიძის მიერ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელობა დააზარალებს მაუწყებლის მიუკერძოებლის მისიას. მაღლაფერიძე იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის  გენერალური დირექტორი და იყო მმართველი პარტიის  თავმჯდომარის მოადგილე და მისი პოლიტსაბჭოს წევრი“.

 

სინამდვილე ასეთია - სამეურვეო საბჭოში, სხვა წევრთა მსგავსად, არჩეული ვარ არსებული კანონის შესაბამისად, პოლიტიკური ჯგუფებისთვის განკუთვნილი კვოტებიდან გამომდინარე - სამ-სამ წევრს ირჩევს უმრავლესობა და ოპოზიცია, ორს - სახალხო დამცველი, ხოლო ერთი წევრი აჭარიდანაა. ასეთია კანონი და თავად „მედია ადვოკატირების კოალიციაც“ სწორედ ამ კანონის და კვოტების შესაბამისად არის წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოში.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონის შესაბამისად ამირჩიეს, დღევანდელ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პერსონალურად ჩემი საკითხის დაყენება აუცილებლად მიიჩნია. 

 

„მედია ადვოკატირების კოალიციის“ შეშფოთებას გაუძლებდა კაცი, მაგრამ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ამ „შეშფოთებას“, უკვე დიდი წონა აქვს და, ზოგადქართული კონტექსტიდან გამომდინარე, ადგილობრივ კანონმდებლობაზე მეტი ძალა აქვს.

 

აწი მნიშვნელობა აღარ აქვს, საქართველოში რომელი ინსტიტუტი ან ადამიანი როგორ შეგვაფასებს, რაც მთავარია, დეპარტამენტის ანგარიშში ჩაიწერა, რომ „ტელევიზიის მისიას ვაზარალებ“. სწორედ იმიტომაც გაკეთდა ყოველგვარ დასაბუთებას და არგუმენტებს მოკლებული ეს შეფასება, რომ ახლა თავად ეს ჩანაწერი იქნება გამოყენებული ზეწოლის და ზემოქმედების მექანიზმად. ამავე დროს, ეს გაფრთხილებასაც წარმოადგენს სხვებისთვის, რომ ვინც „მედია ადვოკატირების კოალიციის“ მითითებებს არ დაემორჩილება, ისინიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდებიან.

 

როგორ უნდა დაიცვას ამ დროს ადამიანმა თავი?!

 

ნათელია, ანგარიშში ჩაწერილი „შეშფოთება“ რასაც ნიშნავს - კუკარაჩასი არ იყოს, ქელეხის ხარჯების გარდა ყველაფერი წერია. გასაგებად მიმანიშნებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოდან ჩემი ნებით უნდა გადავდგე და ეს ადგილი გავუთავისუფლო „მედია ადვოკატირების კოალიციისთვის“ მისაღებ კანდიდატს.

 

ამის მიხვედრა ძნელი ისედაც არ იქნებოდა, თუმცა, ეტყობა, დიდხანს რომ არ ვიყოყმანო, ამ „შეშფოთებას“ თან სდევს შეფარული და ღია მუქარა, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში ბანერების ფრიალი, რომ ქვეყნიდან უნდა მომიკვეთონ  და ასე შემდეგ. ტელევიზიაში უნდა იმუშაონ მხოლოდ ისეთმა სამეურვეო საბჭოს წევრებმა, პროდუსერებმა, რეჟისორებმა, წამყვანებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც „მედია ადვოკატირების კოალიციის“ მითითებებს დაუჯერებენ.

 

რა გაეწყობა, ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ ვიდრემდის წავალ,  ორიოდ სიტყვას ვიტყვი იმის შესახებ, სინამდვილეში რასთანაც გვაქვს საქმე.

 

ზოგი მკრეხელობად ჩამითვლის, თუ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩემთან დაკავშირებით გამოთქმულ „შეშფოთებას“ არ დავეთანხმები, მაგრამ ბევრი არგუმენტი მაქვს საიმისოდ, რათა დარწმუნებით  ვთქვა, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შეტანა კარგად გადამოწმების და შესწავლის გარეშე  დიდი შეცდომაა.

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჩინოვნიკი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, თუ როგორი მძიმე და გამოუსწორებელი განაჩენი შეიძლება აღმოჩნდეს პატარა ქვეყნისთვის და, მით უმეტეს, პატარა ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გაპარული ერთი უსამართლო შეფასებაც კი. ამგვარი, ვითომდა, უწყინარი „შეშფოთებით“ კონსტიტუცია და კანონი აზრს კარგავს და ადამიანების ბედი იცვლება.

 

ჩემმა ქვეყანამ და ჩემმა ოჯახმა კომუნისტურ რეჟიმში საკუთარ თავზე იწვნია ამგვარი „დასმენა-დანოსების“ მეშვეობით „ხალხის მტრად“ გამოცხადებით გამოწვეული სიმწარე. ახლა „დანოსჩიკებმა“ ახალი მისამართი იპოვეს და ამჟამად იქ გზავნიან „დანოსებს“.

 

ვინ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას ვაზარალებ?!

 

ვინ და სად იმსჯელა ამის შესახებ?!

 

ან იქნებ მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო,  რომლის წინაშეც არის სამეურვეო საბჭო პასუხისმგებელი?!

 

მსგავსი არაფერი!

 

საქართველოში ვინ რას ფიქრობს, არც აქვს მნიშვნელობა.

 

თექვსმეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულმა „მედია ადვოკატირების კოალიციამ“, დაახლოებით 30-40 ადამიანმა შეშფოთება გამოთქვა, ხოლო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრით ამ „შეშფოთებამ“ ბირთვული ძალა შეიძინა.

 

ბრალდებად ჩაიწერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას ვაზარალებ! განაჩენი კი სოციალური ქსელებით ხდება ცნობილი - მოკვეთა. გასაჩივრებასაც არ ექვემდებარება!

 

სახელმწიფოში თითქოს კი არის რაღაც ინსტიტუტები, რომელთაც კონსტიტუციის, კანონის და ზოგადად ადამიანის დაცვის გარანტებს წარმოადგენენ, მაგრამ ანგარიშში ჩაწერილი „შეშფოთების“ მართებულობის განხილვა მათ კომპეტენციას (და სურვილსაც!) აღემატება.

 

ეს ტელევიზიის თანამშრომლების გაფრთხილებაცაა, რომ გამემიჯნონ; კიდევ უფრო უკეთესი - თუ დამგმობენ. ტერმინოლოგიაც იგივეა, როგორიც წინა საუკუნის ოცდაათიან წლებში - „მოვიკვეთოთ“  „ხალხის მტერი“.

 

რა გაეწყობა! არც სამეურვეო საბჭოს წევრობას ვებღაუჭები და არც კარიერული წინსვლის ჟინი მაწუხებს, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის მიმართ გულგრილი ნამდვილად არ ვარ და, ამიტომ, გარკვეული კითხვები მეც მიჩნდება.

 

თუ სამეურვეო საბჭოს წევრს ან რომელიმე თანამშრომელს კანონით განსაზღვრული პროცედურების გვერდის ავლით, რომელიმე არასამთავრობოების მიერ გამოთქმული „შეშფოთებისა“ და გარედან ზეწოლის გამო მოუწევს გადადგომა, ეს რამდენად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას?!

 

თუ ვინმეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა აშფოთებს, კონსტიტუციის და კანონის მიხედვით, მან, პირველ ყოვლისა, საქართველოს პარლამენტს უნდა მიმართოს და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თორემ, ასე, ერთი მოქალაქისთვის გარედან ხელის გადაგრეხვით საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიაც დაზარალდება და სახელმწიფოსიც.

 

რაც შეეხება შეშფოთებას! მეც უაღრესად შეშფოთებული ვარ და ამის საფუძველიც მაქვს - სრულიად აშკარად ვხედავ, რომ  თანამოაზრეთა ერთ ჯგუფი დაჟინებით ცდილობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას.

 

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს ყოველგვარი ცენზურის გარეშე, რასაც ვერავინ უარყოფს და ჟურნალისტებს აქვთ სრული თავისუფლება, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო.

 

ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხვდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია და არც იმის გადამოწმება ხდება, რამდენად იმსახურებს ნდობას თავად ინფორმაციის წყარო.

 

ანგარიშის შედგენისას რომ გადაემოწმებინათ, ადვილად ნახავდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი „დასმენა-დანოსის“ ავტორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების წინ ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და რომლებმაც არა მხოლოდ დააზარალეს, არამედ მთლიანად გააცამტვერეს ტელევიზიის მისია. ეს იყო ტრაგიკული წლები ტელევიზიის ისტორიაში - ადამიანებს, სწორედაც რომ მრწამსის გამო და „დანოსების“ საფუძველზე, მასობრივად ითხოვდნენ სამსახურიდან. ცოცხალია ეს ხალხი! ზოგიც ამ დევნას გადაჰყვა!

 

ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად იმართებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ხოლო ტექნიკური ბაზა გამოიყენებოდა პროპაგანდისტული ფეიკ-ფილმების შესაქმნელად, რომლებსაც შემდეგ სხვა ტელევიზიებში უშვებდნენ პოლიტიკური ოპოზიციის გასაშავებლად და მათთვის სამშობლოს ღალატში ცილის დაწამების მიზნით. ყველას ახსოვს და ამასაც წყალი არ გაუვა!

 

არჩევნების დროს გაყალბებული ეგზიტპოლები ცხადდებოდა. ვერც ამ ფაქტს წავუვალთ სადმე!

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა სრულ გაჩანაგებამდე მივიდა, მაშინ როცა მისი რესურსი ხმარდებოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კერძო ტელევიზიებს. ცალკე მძიმე თემაა კორუფცია!

 

ყველაფერი ამას კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ და დღეს იგივე ადამიანები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აგზავნიან „დანოსებს“, რისი მეშვეობითაც ხდება მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ზარალდება მისია.

 

ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ „შეშფოთებას“ ამ ცუდი საქმეების შემოქმედთა „შეშფოთებები“ გამოვაკლოთ.

 

„მედია ადვოკატირების კოალიციის“ წევრთა ერთი ნაწილი ძალიან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და, შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ოპოზიციურ პარტიაზე ეფექტიანადაც მოქმედებს. ეს მათი უფლებაა,  მით უმეტეს, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორი ტრადიციულად მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელისუფლო სპექტრი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით შეივსო, ხოლო 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ მათი დიდი ნაწილი ისევ არასამთავრობო სექტორს დაუბრუნდა. თავის საქმეში ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მათ მკაფიო პოლიტიკური მიზნები აქვთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის განსაზღვრისას ისინი მიუკერძოებლები ნამდვილად ვერ იქნებიან, ამიტომ დეპარტამენტში გაგზავნილ შეშფოთებას მათი შეშფოთებაც უნდა გამოვაკლოთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი ტელევიზიაში საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იღვწიან.

 

ცოტა ხნის წინ აღნიშნული არასამთავრობოების წიაღიდან წამოვიდა ჩრდილოეთკორეული პათოსით გამსჭვალული ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მრწამსისა შესწავლისა და ამ ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. მე მგონი, ამ „შეშფოთების“ გამოკლებას განსაკუთრებული არგუმენტები არ სჭირდება.

 

დაბოლოს. დღეს ქართულ მედიასივრცეში ტელევიზიები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არიან გადაქცეულნი. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ - მოსწონს ეს ვინმეს, თუ - არა, მფლობელი და დამფინანსებელი განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას (მთელ მსოფლიოში ასეა). ერთადერთია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოება შეუძლია.

 

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მიზანმიმართულად და შეგნებულად გაუქმებული ჰქონდა მისიაც, ფუნქციაც და მას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. ძალიან ცინიკურად გამოიყურება, როდესაც ამის შემოქმედნი დღეს „შეშფოთებას“ გამოხატავენ.

 

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, პირველი არხის გუნდმა ძალიან დიდი ძალისხმევით შეძლო და დაიწყო თავისი ნამდვილი მისიის შესრულება. რასაკვირველია, ეს ძალიან რთული პროცესია - გადაცდომებიც ხდება და ჩავარდნებიც, თუმცა,  იმის არდანახვაც შეუძლებელია, რომ ასეთ რთულ პოლარიზებულ გარემოს მიუხედავად არხი ფეხზე დგება და თავად განსაზღვრავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას.

 

ჟურნალისტები და პროდუსერები ეჩვევიან და სწავლობენ ნამდვილ დამოუკიდებლობას, რაც, სხვათა შორის, მხოლოდ ხელისუფლების კონტროლიდან გათავისუფლებას არ გულისხმობს, ბევრად უფრო მკაცრი და უსამართლო კონტროლის ფორმებიც არსებობს და რის მიღწევასაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ბულინგით, იარლიყების მიწებებით, რასაც ზოგი ვერ უძლებს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის  ხასიათიდან და მისიიდან გამომდინარე მისი ფუნქცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს „ოპოზიციის გაშავება“, თუმცა, ასევე მიუღებელია ტელევიზიაზე კონტროლის მოპოვების მცდელობა საზოგადოებაში კონფლიქტის გაღვივებისა და  ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოყენების მიზნით.

 

ჩვენში დაუწერელი კანონის თუ წესის მიხედვით, რასაკვირველია, ყველა ვხვდებით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დაფიქსირებული „შეშფოთება“ ნიშნავს, რომ მეორე დღესვე ხმის ამოუღებლად უნდა გადავმდგარიყავი.

 

საკმარისი გამოცდილება მაქვს ამის მისახვედრად.

 

ისიც ვიცი, რომ თუ არ გადავდგები, შიგნიდან გაძლიერდება ზეწოლა, მუქარები და იარლიყების მიწებება. გადადგომა, მართლაც, შეიძლება, იოლი გამოსავალი ყოფილიყო, მაგრამ გარედან მითითებით თუ შიგნიდან მინიშნებით გადადგომა, გარდა იმისა, რომ  შეურაცხმყოფელია, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიასაც ძალიან დააზარალებს.

 

ამასთანავე, ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრჯერ ვესაუბრე ჩემს ამერიკელ მეგობრებს - სამოელ კლემენსს, ჰეკლბერი ფინს, თომას მელვილს, უილიამ ფოლკნერს, ჯერომ სელინჯერს და ჰოლდენ კოლფილდს, რომელთაც, სხვადასხვა დროს, ბევრი რამ მასწავლეს თავისუფლების და ზოგადად ცხოვრების შესახებ, რომლებისაც ნამდვილად და უპირობოდ მჯერა და მათთან კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ, მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი დიდი პატივისცემისა, არ გადავდგები!“ - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner