აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ჯაბა ფუტკარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე ეკონომიკურ, საპრივატიზაციო, საინვესტიციო და საბიუჯეტო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა - ,,კურორტ გოდერძის ახალი საბაგირო და სათხილამურო ტრასა დაემატება, რაზეც მთის კურორტების სააგენტოსთან მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, იგეგმება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ღომას მთაზე და გულების ციხეზე”.
აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, რესპუბლიკური ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2025 წლისთვის იგეგმება ბიუჯეტის 1 მილიარდამდე გაზრდა. 2022 წელს აჭარას 3.9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა და აჭარის მთავრობის მიზანს 2025 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე გაზრდა წარმოადგენს.
„ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში, რაც მოწმობს, რომ ქვეყანა, რეგიონი ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტორებს აქვს სრული ნდობა, რომ მათი კაპიტალი დააბანდონ ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, ჩვენ რეგიონში, რაც თითოეული აჭარაში მცხოვრები ოჯახის შემოსავლების ზრდაზე აისახება.
ტურიზმი ინარჩუნებს პრიორიტეტულ მიმართულებას. ამიტომ, ყველგან, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტში უნდა განვავითაროთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტი 118,9 %-ით შესრულდა. აჭარაში აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკა გრძელდება. 2023 წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების ქონების აუქციონის გამოცხადება იგეგმება.
ტურიზმის, როგორც რეგიონის წამყვანი სექტორის განვითარება, რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა.
სპორტული ტურიზმის განვითარებაზე 155 მლნ ლარი დაიხარჯება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის და ეკონომიკური გუნდის წევრები ესწრებოდნენ.