კარგად გამოჩნდა ამ რაუნდზეც, ისევე როგორც ყველა სხვა შეხვედრაზე, რომ საქართველო მარტო არ არის, - ასე შეაფასა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გვაძლევს იმედს, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც რუსეთი იძულებული იქნება დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან ამ საკითხების განსახილველად. ეს ეხება 6 პუნქტიან შეთანხმებას, მის სრულად შესრულებას, ადამიანთა უფლებების გაუმჯობესებას ადგილზე. მე პერსონიფიცირებას არ მოვახდენდი. რუსეთის ფედერაციის მიდგომა არის ის მიდგომა, რაც მათ აქვთ. მთავარია კარგად გამოჩნდა ამ რაუნდზეც, ისევე როგორც ყველა სხვა შეხვედრაზე, რომ საქართველო მარტო არ არის. გამოჩნდა რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა და ეს კარგად დაინახა რუსეთის დელეგაციამ. მოლაპარაკებათა პროცესში არ არსებობს საკითხი, რომელზეც რუსეთი შეძლებს საქართველო დაჩაგროს და არ მიიღოს პასუხი საქართველოს მეგობრებისგან და პარტნიორებისგან“, - განაცხადა დარსალიამ.