logo_geo
eng_logo
CNN: პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უბაჟო იმპორტის გახანგრძლივებას ითვალისწინებს
- +

6 აპრილი. 2023. 00:32

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰენრიკ კოვალჩიკმა თანამდებობა დატოვა ევროკომისიის გადაწყვეტილების პროექტის გამო, რომელიც უკრაინიდან წევრ ქვეყნებში მარცვლეულის უბაჟო და უკვოტო იმპორტის 2024 წლის ივნისამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ვინაიდან ცხადია, რომ ფერმერების ძირითად პოსტულატს ევროკომისია არ დააკმაყოფილებს, მე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის თანამდებობა“, - ნათქვამია კოვალჩიკის განცხადებაში.

უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ფერმერებმა, მათ შორის პოლონეთში, შეშფოთება გამოთქვეს მარცვლეულის ფასებზე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გაზრდის გამო.

გასულ კვირას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, გამოიყენონ „ყველა ინსტრუმენტი“ უკრაინის მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის შემოდინების „გავლენის შესაზღუდად“.

კოვალჩიკის თქმით, პოლონეთის მთავრობამ - სლოვაკეთის, რუმინეთის, უნგრეთის და ბულგარეთის მთავრობებთან ერთად - წარუდგინა მოთხოვნა ევროკომისიას „გააქტიურებულიყო დაცვის მუხლი უკრაინიდან მარცვლეულის უბაჟო და უკვოტო იმპორტის სფეროში“.

„თუმცა, ევროკომისიამ გამოაქვეყნა უკრაინიდან მარცვლეულის უბაჟო და უკვოტო იმპორტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პროექტი, რომელიც გავრცელდება 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის 5 ივნისამდე“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner