სააკაშვილს დავალება ჰქონდა, ეს იყო მისი მიზანმიმართული ქმედებები- მან „ჩარეცხა“ ინტელიგენცია და ეს ადამიანები ჩაანაცვლეს გიგაურით და ლომჯარიათი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა.
„სამოქალაქო საზოგადოება არის ერთგვარი ჯანსაღი ელიტა, რომელიც ყალიბდება ბუნებრივად ნებისმიერ სოციუმში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ადამიანებს არ ერქვათ სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ბუნებრივი პროცესი ჩამოყალიბებული იყო. ვინ იყო სამოქალაქო საზოგადოება: ილია ჭავჭავაძე, რომელიც თან საზოგადო მოღვაწე, თან მწერალი იყო და ბევრი მიმართულებით უზრუნველყოფდა იმას, რომ საზოგადოება განვითარებულიყო და ამით შეიქმნა ეს სახელი. სამოქალაქო საზოგადოება არ იწოდებოდა ასე ადამიანი, მაგრამ ის აღიარებული იყო, როგორც წამყვანი საზოგადო მოღვაწე. იყო იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა. ზოგი მწერალი იყო, ზოგი პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული და ა.შ. მაშინ ეს ტერმინი არ გამოიყენებოდა, მაგრამ ბუნებრივად ყალიბდებოდა სამოქალაქო საზოგადოება. ამ გაგებით დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და ესეც არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. გახსოვთ ცნობილი ტერმინი -„ჩარეცხილები“. საქართველოში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ერთგვარი ელიტა, ინტელიგენცია და სააკაშვილს დავალება ჰქონდა, ეს იყო მისი მიზანმიმართული ქმედებები, მან „ჩარეცხა“ ინტელიგენცია, მიზანმიმართულად გააკეთა ეს ყველაფერი და ჩაანაცვლა ბუნებრივად ჯერ კიდევ შემორჩენილი ინტელიგენცია, რეალური სამოქალაქო საზოგადოება. ანა კალანდაძეს უწოდა „ჩარეცხილი“ ინტელიგენცია. ჩარეცხეს, პოლიტიკური ზომები გამოიყენეს და ეს ადამიანები ჩაანაცვლეს გიგაურით და ლომჯარიათი. დღეს გიგაურს, ლომჯარიას, მშვენიერაძეს ჰქვიათ სამოქალაქო საზოგადოება და ამას ვამბობ ზუსტად, რომ სამოქალაქო საზოგადოება კლასიკური, ტრადიციული გაგებით საქართველოში არ არსებობს, ხელოვნურად მოკლეს და ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა, რაც ჩვენ გვაქვს არის სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ამ ქვეყანაში, ელიტების ფორმირება სხვადასხვა სფეროში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.