„კონფრონტაციული პოლიტიკა სანქციებზე არ ჩერდება ხოლმე. შესაძლოა ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე აშშ-ში ჩათვალეს, რომ სწორედ ეხლაა კარგი დრო საქართველოში ხელისუფლების შეცვლის“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციის დაწესება, ამერიკის მიერ საქართველოსთან კონფრონტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასაც მმართველი გუნდის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქმედება, დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევის პოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენს. ანჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ახლა საზოგადოებაზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა აშშ-ის სურვილს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.
„რამდენად შეისმენენ, ან გაითვალისწინებენ ამ განცხადებას ვაშინგტონში, დრო გვაჩვენებს.
მე ვფიქრობ, რომ ქართველი მოსამართლეების სანქცირებით, აშშ-მ ახალი ფურცელი გახსნა საქართველოსთან ურთიერთობაში, რაც ჩემი აზრით არის კონფრონტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
კონფრონტაციული პოლიტიკა კი სანქციებზე არ ჩერდება ხოლმე. შესაძლოა ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე აშშ-ში ჩათვალეს, რომ სწორედ ეხლაა კარგი დრო საქართველოში ხელისუფლების შეცვლის.
ეხლა ყველაფერი ჩვენს საზოგადოებაზეა დამოკიდებული“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.