logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა ხელისუფლებამ რეალურად გააუმჯობესა სასამართლოს დამოუკიდებლობა, არ ჩაერია იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ
- +

6 აპრილი. 2023. 00:24

 

 

„დღევანდელი სასამართლო დიამეტრულად უფრო თავისუფალია, ვიდრე ის, რაც ჩვენ ჩავიბარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ რეალურად გააუმჯობესა სასამართლოს დამოუკიდებლობა, არ ჩაერია იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სასამართლო, ისევე, როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით.

 

„დადასტურებული სტატისტიკაა, რომ სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებიც და სახელმწიფოც სხვადასხვა შემთხვევაში თითქმის თანაბრად იგებენ საქმეებს. დაბრუნდა ბალანსი ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი აღარ ჩაგრავს სასამართლოში, 99% შემთხვევაში, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების პირობეში, არამედ არის გონივრული ბალანსი, სადაც მოქალაქეებიც და სახელმწიფოც ამტკიცებს თავის სიმართლეს, როცა მათ მხარეს არის. ეს აშკარაა და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია, ეს ფაქტობრივი მონაცემია და ეს იცის შეერთებულმა შტატებმაც. ევროსასამართლოში 60%-ით შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები.

 

წარსულში წელიწადში 2000-მდე ჩვენი თანამოქალაქე მიდიოდა ევროპაში სამართლის საძიებლად, იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში სასამართლოში სამართალს ვერ პოულობდა ვერც ერთ ინსტანციაში. 2000-იდან არის დასული კომუნიცირებული საჩივრები ისტორიულ მინიმუმზე, რაც ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები თავის სასამართლოში პოულობენ სამართალს დიამეტრულად უფრო მეტ შემთხვევაში, ვიდრე ეს იყო წინა ორი ხელისუფლების დროს. და მესამე - რეზონანსული საქმეები, რომელზეც სხვათა შორის, იგივე ამ სასამართლოს აკრიტიკებდნენ კამპანიურად თვეების და ზოგჯერ ერთი და ორი წლის განმავლობაში. პოლიტიკურად მოტივირებულს რომ უწოდებს ოპოზიცია და რეზონანსულს რომ ვუწოდებთ ჩვენ და დასავლეთი, ამ საქმეებს ჰქვია მაღალი საჯარო ინტერესის საქმეები.

 

ეს ეხებოდა მედიასთან დაკავშირებულ დავებს, აქციებთან დაკავშირებულ დავებს, როცა უჩიოდნენ შსს-ს და სახელმწიფოს, რომ არაპროპორციული დაკავებები გააკეთაო, ეს ეხებოდა ასევე სპეცოპერაციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სადაც ასევე გვადანაშაულებდნენ ხელისუფლებას და სასამართლოს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღოო, ამ საქმეებზე ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები და დაადასტურა ქართველი მოსამართლეების და საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ევროსასამართლოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ავტორიტეტულმა, გამოცდილმა მოსამართლეებმა თქვეს, რომ საქართველოს სასამართლომ ამ საქმეებზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღოო.

 

ამის გარდა, საქართველო „იბსოსის“ კვლევაში, საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგში, ფრეიზერის ინსტიტუტის, საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ამერიკული ინსტიტუტების შეფასებებში იკავებს წამყვან პოზიციებს და ხელშესახები დაწინაურებაა 20, 30, 50 პოზიციით არის დაწინაურებული საქართველოს სასამართლო წინა 10 წელთან შედარებით. ქალბატონმა ელჩმაც დღეს თავის ბრიფინგში აღნიშნა ორი საგულისხმო მომენტი, პირველი - მან თქვა, რომ სასამართლოში არაერთი წარმატებული რეფორმა განხორციელდა, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით, მეორე რაც თქვა იყო რომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი მოსამართლე მუშაობს სისტემაში და ჩვენი მხარდაჭერა მათო. მოდით, იმ არგუმენტებს ეს ორიც დავიმატოთ. ეს არ არის „ქართული ოცნების“ შეფასებები, ეს არის ობიექტური, დამოუკიდებელი შეფასებები. ძალიან სამწუხაროა, რომ სტრატეგიულ მეგობრებს შორის ურთიერთობაში გაჩნდა სანქციები, როგორც სასაუბრო და საურთიერთო ინსტრუმენტი და იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მე მოგიყევით და ეს არის მხოლოდ ნაწილი არგუმენტების, კიდევ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ სასამართლო სისტემაზე, რეფორმებზე და დღევანდელი სასამართლო რომ დიამეტრულად უფრო თავისუფალია, ვიდრე ის, რაც ჩვენ ჩავიბარეთ.

 

ჩვენმა ხელისუფლებამ რეალურად გააუმჯობესა სასამართლოს დამოუკიდებლობა, არ ჩაერია იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ. იდეალური სასამართლო არ აქვს ამერიკის არც ერთ პარტნიორ ქვეყანას. დღეს ხედავთ, რომ იგივე აშშ-ის შიგნითაც ძალიან ბევრი დისკუსიაა არა ერთ საქმეზე, მათ შორის მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ უნდა დაასანქციროს სასამართლო სისტემა, მით უმეტეს, სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner