ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პირდაპირ ეთერში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება უბრალოდ მოქმედებს იმ სტანდარტების მიხედვით, რომელიც მან დატოვა და მისი თქმით, ეს არ არის ფორმალური მმართველობა. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ის არის უბრალო მაკონტროლებელი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე.
„ვფიქრობ, მმართველობას ეძახიან იმ სტანდარტებს, რომელიც მე დავტოვე და რომლითაც გუნდი სარგებლობს დღეს. მე ვიყავი გუნდის ლიდერი და წავედი. დღეს მათ ჰყავთ ძალიან კარგი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით. სტანდარტები, რომლებიც დაფუძნდა, არის კანონის უზენაესობა და ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაბედონ თანამდებობის სათავისოდ გამოყენება. პირველ რიგში, მთავრობას და მთავრობის მეთაურს უნდა მოეთხოვოს ეს. ძალიან დიდი მოთხოვნა და დიდი ყურადღებაა მთავრობის ყველა წევრზე ჩემი მხრიდანაც და საზოგადოებაც ამას უყურებს, რომ პირველ რიგში მათ დაიცვან კანონები.
კანონმა დაიწყო ქმედება, კანონს ძალა მიეცა, ეს მოიტანა ამ გუნდმა. საზოგადოებას მიაჩნია, რომ მე ვმართავ. არა, მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს და ძალიან წარმატებულად, მაგრამ იმავე სტანდარტებით და იმავე მეთოდებით.
მე დღეს ვარ ამ გუნდის ერთ-ერთი მაკონტროლებელი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. რჩევებს მიხეილ სააკაშვილსაც ვაძლევდი თავის დროზე, ბევრი რაღაცის გამო მადლობას მიხდიდა, მაგრამ ვეუბნებოდი, მადლობას ნუ მიხდი, სანამ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი, მხარში ამოგიდგები, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, პირველი მე დაგიდგები წინ-თქო და საუბედუროდ. მოხდა კიდეც ასე.
„ქართული ოცნება" დღეს არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყნის იმ სტანდარტებით მართვა და ამიტომაც ვუჭერ მხარს. შემიძლია ვთქვა, თუ ეს სტანდარტები დაირღვევა, ვამაყობ, რომ კარგი ანალიზი შემიძლია და შემიძლია კრიტიკულად შევაფასო სიტუაცია, არ არსებობს, ვინმე დავზოგო და არ გამოვიდე და არ ვთქვა, როგორც მოქალაქემ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.