„აღფრთოვანებულები ვართ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით და მოხარულები ვართ ქართველ, აზერბაიჯანელ და რუმინელ მეგობრებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობით“, - განაცხადა უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. ის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
როგორც უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის გამოსვლაში აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მისი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტს შეუძლია უზრუნველყოს უნგრეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
„უნგრელები დაინტერესებულები ვართ დივერსიფიკაციით მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებით. ნამდვილად ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას ამ პროექტის განხორციელებისადმი, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში, მზად ვართ მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები შეძლებენ შეასრულონ რეკორდული, თითქმის 1200 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელის უზრუნველყოფის გეგმა“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.