logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოუშვან მარტის არეულობის ერთ-ერთი „მატრენინგებელი“ ორგანიზატორი, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იყო ნაკარნახევი
- +

6 აპრილი. 2023. 22:14

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში მათი გადაწყვეტილების საფუძველზე. ქართველიშვილის თქმით, ეს იყო ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილება.

„როდესაც 2014 წლის აპრილში „ნაცების“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“ უკრაინიდან ჩამოიყვანა კიევის „მაიდანის“ ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგი, რომელმაც ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და მათ მედიას „სახელმწიფო გადატრიალების“ თემატიკაზე ტრენინგები ჩაუტარა. ეს იყო მისი უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში.

2021 წლის 28 სექტემბერს, როდესაც სააკაშვილი უკვე ჩასმული იყო კონტრაბანდულად არაჟნით სავსე კონტეინერში, კიევი-თბილისის რეისით, საქართველოში ჩამოფრინდა ოცამდე უკრაინელი მამაკაცი, კიევის „მაიდანისა“ და დონბასში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მონაწილე. ჩამოფრინდნენ თანხის გარეშე და ვერც თავისი დაბინავების მისამართი დაასახელეს. რა თქმა უნდა, ყველა დაადეპორტეს სამშობლოში. სამ დღეში კი ყველამ გაიგო, რომ რუსთაველზე იგეგმებოდა დიდი არეულობა.

როდესაც 2021 წლის ოქტომბრის მიწურულს საქართველოში არ შემოუშვეს საერთაშორისო დონის ორი თაღლითი და პროვოკატორი დმიტრი გორდონი და ყაზახეთის მიერ ძებნილი მარგულან სეისემბაევი, ესეც სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით იყო განპირობებული. დარწმუნებული ვარ, 2022 წლის აპრილის შემდეგ საქართველოში არც პიტერ აკერმანს შემოუშვებდნენ, თუმცა მან ეს შესაძლებლობა თავად აგვარიდა - 26 აპრილს გარდაიცვალა.

საქართველოს სახელმწიფოს ბოლო გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოუშვან ა.წ. მარტის არეულობის ერთ-ერთი „მატრენინგებელი“ ორგანიზატორი, აშშ-ს მოქალაქე მარშალ ქომინსი, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იყო ნაკარნახევი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპეცსამსახურებს და მათ ღირსეულ ხელმძღვანელ - გრიგოლ ლილუაშვილს!“- წერს დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner