"ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება,"- ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციის დაწესებას.
აღნიშნულის შესახებ მოსამართლე “ფეისბუქზე” წერს.
“ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…”, - წერს თევზაძე.
ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.