logo_geo
eng_logo
Financial Times: აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის მცდელობებს, შესთავაზონ უკრაინას ნატოს წევრობის საგზაო რუკა ვილნიუსის სამიტზე
- +

7 აპრილი. 2023. 01:23

აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის მცდელობებს, შესთავაზონ უკრაინას ნატოს წევრობის საგზაო რუკა ვილნიუსის სამიტზე. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გაზეთი Financial Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან ისეთი ქვეყნების ძალისხმევას, როგორიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, შესთავაზონ უკრაინას ნატოსთან უფრო ღრმა კავშირები და გააკეთონ მკაფიო განცხადებები უკრაინის მომავალი წევრობის მხარდაჭერისთვის.

გასულ თვეში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს წარუდგინა წინადადება, რომელშიც აღწერილია პრაქტიკული და პოლიტიკური წინადადებები კიევისთვის. მათ შორის არის წინადადება უკრაინის ნატოსთან ურთიერთობის შესახებ ახალი დეკლარაციის შესახებ, რომელიც დაეფუძნება 2008 წლის განცხადებას, რომ ქვეყანა „ერთ დღეს“ გახდება ალიანსის წევრი.

Financial Times-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აქტიური დებატები მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რა უნდა შესთავაზონ უკრაინას განახლებულ დეკლარაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, გაიზარდა იმ იდეის მხარდამჭერთა რიცხვი, რომ უკრაინას შესთავაზონ პოლიტიკური გზა წევრობისკენ ვილნიუსის სამიტზე.

თუმცა, Financial Times-ის წყაროების თქმით, აშშ, ისევე როგორც გერმანია და უნგრეთი, აღნიშნულ წინადადებას ეწინააღმდეგებიან.

ამის ნაცვლად, აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს, ფოკუსირებულნი დარჩნენ უკრაინის მოკლევადიან სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რათა დაეხმარონ მას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში,

ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინის ნატოსთან კავშირების გაღრმავებამ შეიძლება გააძლიეროს პუტინის ნარატივი რუსეთსა და ნატოს შორის ბრძოლის შესახებ და რომ მოსკოვმა შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს, მათ შორის ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგებით.

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, ნატო-უკრაინის არსებული კომისიის ნატო-უკრაინის საბჭოს დონემდე გაზრდაა - ნაბიჯი, რომელიც აამაღლებს უკრაინის სტატუსს, როგორც ალიანსის პარტნიორის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner