ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერთადერთი პარტია არის „ქართული ოცნება", ხოლო ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელთაც შეუძლიათ სახელმწიფოებრივად აზროვნება.
„ქართულმა ოცნებამ" 4 წლის განმავლობაში უამრავი გარდაქმნა მოახდინა საქართველოში. გაიხსენეთ, სად ვიყავით ჩვენ - მთლიანად მონოპოლიზებული მედია, ერთი კაცისგან მართული, რამდენიმე ფსევდოოპოზიციური პარტია იყო უცხოელებისთვის საჩვენებლად, მთლიანად მართული ბიზნესი. 5 ათასი დოლარის გადარიცხვაც კი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიერ კონტროლდებოდა. მთელი ბიზნესი პრაქტიკულად ერთი კაცისკენ იყო მიმართული. ზღვარი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა" და სახელმწიფოს შორის იყო წაშლილი. პოლიცია და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ ერთი პარტიის სამსახურში იყო ჩამდგარი. წამებები, მკვლელობები. მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული. გაიხსენეთ ეს ყველაფერი და ნახეთ, კულტურული ხელწერით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე როგორი გარდაქმნები მოხდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.