logo_geo
eng_logo
დოქსოპულო
- +

7 აპრილი. 2023. 13:16

 

 

გახსოვთ, დოქსოპულო რომ გაუნაწყენდება ზემდგომ ამხანაგ ვარლამ არავიძეს - „შრომას წყალში ნუ ჩამიყრი, რა მოხდება, ერთი „გრუზავიკი“ დარბაისელები მოუსავლეთის გზას რომ გავუყენოთ მიმოწერის გარეშეო. რა პრობლემაა, პირველი იქნება თუ უკანასკნელი, ამდენს აღარ ვიმსახურებო?“

 

ამერიკელ დოქსოპულოს, ოფიცერ დეგნანს, ყველა სიტყვაზე, მიმიკაზე, გრძელი წამწამების ჩრდილში „გადამალულ“ გაყინულ გამოხედვაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, მიხვრა-მოხვრაზეც კი ეტყობა, რომ სიძულვილში გადასულ ბრაზს ვეღარ იკავებს და ურჩი „დაბალი ხარისხის“ „მეგობრების“ მწარედ დასჯის დაუოკებელი სურვილით არის აღტკინებული.

 

აბა, როგორ გინდათ... ვადის ამოწურვის მომენტისთვის უკან რომ მიიხედავ და დაინახავ, რომ ყველა საბრძოლო დავალება შეუსრულებელი გრჩება, გაგიჟდები, აბა რა იქნება? - მიუხედავად იმისა, რომ ამხელა „ფოსტა იყო გამოსული“ (ასეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი), ვერც ერთ არჩევნებს რომ ვერ მოიგებ, სიტუაციას ვერც ზემოდან და ვერც ქვემოდან არევ, „სასამართლოსაც კი“ გავლენის ქვეშ ვერ მოიქცევ, რევოლუციას ვერ მოაწყობ, „საკუთარ ნაძირლებს“ ვერცერთ ქმედით ბერკეტს ვერ ჩაუგდებ ხელში და რაც მთავარია - ვერ მოახერხებ „მეორე ფრონტის“ გახსნას, ვადაგასულზე კუდი მაინც ხომ უნდა მოიქნიო?

 

სამარცხვინოა, ბატონო ბლინკენ, სამარცხვინო, ერთი წარუმატებელი სპეცაგენტის მუნდირის ღირსების დაცვის მიზნით იქნება თუ დიდი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, პატარა საქართველოსთან, ჩვენი სამართლიანი და ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესის „გასაუვნებელყოფად“, ნეოლიბერალური ეპოქის ერთადერთი „მყარი არგუმენტის“, უხეში ძალის გამოყენება.

 

შეიძლება ძალიან გულუბრყვილოდ გამოიყურებოდეს ჩემი „შეგონებები“ თქვენი „უანგარო მეგობრული დახმარების“ შედეგად უიმედო ყოფაში მოხვედრილი მილიონობით ავღანელისა და სრული გაურკვევლობის მორევში მოქცეული მილიონობით უკრაინელის ფონზე (მხოლოდ ბოლო პერიოდის „დიდ პროექტებს“ ვიხსენებ), მაგრამ მაინც მჯერა, რომ სიმართლეს დიდი ძალა აქვს და ადრე თუ გვიან თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს.

 

ბიძინა  დვალი

07.04.2023 წ.

 

P.S. მოვლენის პოლიტიკური მდგენელის განსაზღვრის მიზნით, პროცესს უფრო ფართო ჭრილში რომ შევხედოთ, ისევ და ისევ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ამერიკას არ სჭირდება მეგობრები და პარტნიორები, ამერიკას თავისი გავლენის არეალში სჭირდება მხოლოდ მარიონეტული რეჟიმები და საქართველოსთან ურთიერთობაში სწორედ აქ იქმნება კონფლიქტი - საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მტკიცედ გამოხატავს სახელმწიფო სუვერენიტეტის სრულად დაცვის ნებას და მზადყოფნას - საქართველო აღარასდროს აღარავის კოლონია აღარ იქნება(!).  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner