საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის არის ხელისუფლების ყველაზე მკაცრი მაკონტროლებელი.
„ეს არ არის მმართველობა და ამას არ ჰქვია მმართველობა, რასაც მე ვაკეთებ და რა პოზიციაც მე მაქვს. ისინი მმართველობას ეძახიან იმ სტანდარტებს, რომელიც მე დავტოვე და რომლითაც „ქართული ოცნება" სარგებლობს ქართულ პოლიტიკაში. სტანდარტები ეხება კანონის უზენაესობას, რომ პირველ რიგში მთავრობას და მთავრობის მეთაურს უნდა მოეთხოვოს ეს. ამ მხრივ იდეალური პიროვნება გვყავს - გიორგი კვირიკაშვილი. „ქართული ოცნების" მთელმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ის არის დაქირავებული ქართველი საზოგადოების მიერ. ეს არ ეხება იმ ცრუ აჟიოტაჟს,რაზეც დიდი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა - გამოწერილ პრემიებზე. ნებისმიერი სახელმწიფო იოცნებებდა, მხოლოდ ამ ნიშნით გააკრიტიკონ თავისი მთავრობა.
სტანდარტებით, რაც დარჩა გუნდში, რომელსაც ჰყავს ძალიან მაგარი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, სამართლიანობა, პირველ რიგში, მას და მის წევრებს მოეთხოვებათ. ჩემგან და საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ არის კონტროლი, რომ მათ დაიცვან კანონის უზენაესობა, არ გაბედონ და საკუთარი თანამდებობა არ გამოიყენონ სათავისოდ, არ გაბედონ და სახელმწიფო სტრუქტურები არ გადავიდეს „ქართული ოცნების" ხელში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.