„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს.
„ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს. პატივცემულო ქალბატონო ელჩო, ვადასტურებთ თქვენდამი ჩემს პატივისცემას და პირველ ყოვლისა მსურს გამოვხატოთ დიდი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, საქართველოსთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და თანადგომისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რადგან საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს კანონის უზენაესობა, ადამიანის და სიტყვის თავისუფლება. სწორედ აღნიშნული ღირებულებების ერთგულება ანიჭებს სიმტკიცეს ჩვენს ურთიერთობას. მაგრამ სამწუხაროდ ქმედებას და არასწორ სიტყვას შეუძლია წლობით ნაშენებ და დროში სიმტკიცე გამოცდილ ურთიერთობას ზიანი მიაყენოს.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საზოგადოებას საქართველოს ოთხი მოქმედი და ყოფილი მოსამართლის დასანქცირების შესახებ ამცნო, განცხადებაში გვხვდება სიტყვები სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოგვაწოდეს სანდო ინფორმაცია, მივიღეთ სანდო ინფორმაცია და ა.შ. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, რომელსაც ორი ქვეყნის შემდგომ ურთიერთობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, არა სანდო ინფორმაციაზე, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღება! გადაწყვეტილების გახმოვანებიდან რამდენიმე დღე გავიდა, ქართულ საზოგადოებას კონკრეტული ფაქტები, რის გამოც მოსამართლეთა დასანქცირება მოხდა კვლავ არ უნახავს.
ქალბატონო ელჩო, თქვენ განაცხადეთ, რომ „გადაწყვეტილება დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო თქვენი განცხადებიდან გამომდინარე, მაქვს კონკრეტული კითხვები: თუ ბრალდებები წლების განმავლობაში იყო ცნობილი, ახლა რატომ მოხდა გადაწყვეტილების მიღება? წლების განმავლობაში დანაშაულის ნიშნებს ხედავდით, მაგრამ დანაშაულს ხელს აფარებდით და ახალისებდით? თუ ინფორმაცია საჯაროა და ღია სივრცეში მოიპოვება რატომ არიდებთ თავს ფაქტების გასაჯაროებას? გადაწყვეტილების მიღება ხომ არ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს?
სამწუხაროდ, თქვენი განცხადება, რომელიც დილეტანტიზმის ნიშნებს შეიცავს ამყარებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებულ, არასამართლიან გადაწყვეტილებასთან! როგორც ჩანს საქართველო და ქართველები კარგად ვერ გაიცანით, ჩვენ მხოლოდ ხინკალი, ხაჭაპური და ქართულად ნათქვამი „გამარჯობა“ არ ვართ! ქართველებს შესაძლოა ბევრი რამ დააბრალოთ, მაგრამ არა უმადურობა და ორპირობა. თქვენ გვაყვედრით, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-მ საქართველოს დიდი ფინანსური დახმარება გაუწია, გეთანხმებით და ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას, მაგრამ ისმის კითხვა ეს დახმარება ვის უფრო მეტად სჭირდებოდა საქართველოს თუ ამერიკას? როგორც ჩანს თქვენს მიერ გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა არა უბრალოდ მეგობრული დახმარება, არამედ საქართველოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის იძულება იყო...
მსოფლიო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს, რომ საქართველოში აღარ არის სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიზებული, გაიზარდა დემოკრატიის დონე, პრესის თავისუფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა (აღნიშნულს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მოწმობს) და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოულოდნელია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ძირს უთხრის ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მე არ ვიცავ კონკრეტულ ოთხ მოსამართლეს, არამედ შეშფოთებას გამოვთქვამ ფაქტის მიმართ, რომლითაც აშშ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ლახავს ჩემი ქვეყნის სუვერენულ თავისუფლებას! ერევა სასამართლოს საქმეებში, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის შემდგომ ფუნქციონირებას, რადგან მოსამართლეებს მოუწევთ ფიქრი, მიიღოს გადაწყვეტილება, რაც აშშ-ს მოეწონება, თუ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში მათ სანქცირებას გამოიწვევს! როგორც ჩანს, დემოკრატიას და სამართალს ორი სახე აქვს, ქართული სამართალი ფაქტებს ეფუძნება, ამერიკული კი - აღქმებს...
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ქართულ საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა, რომელზე პასუხის დაგვიანება, ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. არ მინდა ვიფიქრო, რომ სტრატეგიული პარტნიორობა სტრატეგიულ მტრობაში გადაიზარდა... გვახსოვდეს, მსგავსი ბუნდოვანი, არაარგუმენტირებული გადაწყვეტილებები ვნებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. საზოგადოებაში თესავს ნიჰილიზმს და აჩენს უნდობლობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ.პ.ს. შეგნებულად არ ვეხები სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, რომლის დროსაც აშშ ნებსით თუ უნებლიეთ სისხლიანი რეჟიმის მმართველობას ახალისებდა და აძლიერებდა. სანაცვლოდ 2008 წლის ომი მიიღეთ, რომელიც ალბათ თქვენს ინტერესებში შედიოდა და საქართველოსათვის გაწეული დახმარების უკუკავშირი იყო. პატივისცემით, ა/ო „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე“, - აღნიშნულია ღია წერილში.