საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში მედიასთან შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის დანიშვნასა და არჩილ ხაბაძის გათავისუფლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან სწორად განსაზღვრული ნაბიჯი იყო.
„პატარაძე ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანს, ძალიან კარგად დაიწყო და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ახალი სისხლი შემოიყვანა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ხაბაძეს და მის შეცვლას, ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილმა არჩევნების წინ გააკეთა ძალიან კარგი სვლა ამ განახლებით. ხაბაძემ დაიცვა ყველა ის სტანდარტი, რაც მე დავტოვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. პირველ რიგში, კანონს ექვემდებარებოდა. იგი იყო გამჭვირვალე, ხალხის სამსახურში იყო და გრძნობდა ამას. ხაბაძეს მცდელობაც კი არ ჰქონია, რომ ხელისუფლება სათავისოდ გამოეყენებინა. როგორც შეეძლო, გულწრფელად ემსახურებოდა სამშობლოს.
ამის შემდეგ დგება კითხვა, რამდენად წარმატებული მენეჯერი იყო ხაბაძე, უკეთესი იქნება თუ არა პატარაძე როგორც მენეჯერი. კვირიკაშვილს აქვს ერთადერთი მცდელობა, რომ ჰქონდეს რაც შეიძლება უკეთესი მენეჯმენტი. ხაბაძე გუნდში რჩება და ძალიან დიდ როლს თამაშობს, როგორც ვიცი და მას ექნება ღირსეული ადგილი საკუთარ გუნდში. ის წარუმატებლობის გამო არ გაუთავისუფლებიათ. მე მომწონს, რომ განახლება მოხდა და კვირიკაშვილი არის იდეალური, ძალიან ძლიერი მენეჯერი. ხაბაძეს ახლა უფრო მეტი საშუალება აქვს, საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.