მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. ონოღიას ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღმა პირველი აღსაზრდელები მიიღო.
ახალი საბავშვო ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა.
სტუმრებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მათ მშობლებს და საბავშვო ბაღში დასაქმებულ პერსონალს ახალი ბაღის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.