„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის პროპაგანდისტი ტელევიზიების - „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ სამი ჟურნალისტისა და სამი ოპერატორისთვის პარლამენტის მიერ 6 აპრილს აკრედიტაციების ერთი თვით შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჩიბურდანიძის განმარტებით, სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში მიუღებელია ჟურნალისტების მხრიდან დერეფნებში დეპუტატებისთვის გზის გადაღობვა, რაც ქართული ჟურნალისტიკისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. შესაბამისად, ცივილიზებული, თანამედროვე, დემოკრატიული სამყაროს წესები ამ სფეროში აუცილებლად დასაწესებელია, რომელიც, მათ შორის, ჟურნალისტისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შეუფერებელი შესრულებისას აკრედიტაციის გაუქმებასაც გულისხმობს.
„თუკი ვინმეს ვიცავ, მათ შორის უპირველეს ყოვლისა - ჟურნალისტებს, კოლეგიალობის გამო, მაგრამ ამ მოძალადე პირებს ჟურნალისტები არ ჰქვიათ. პარლამენტი არის სამუშაო ადგილი, სადაც თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს როგორც დეპუტატებს, ასევე - აპარატის თანამშრომლებსა და მოწვეულ ექსპერტებს. საშინელებაა ის, რაც დღეს ხდება ამ შენობაში, უფრო სწორად, რაც ახალი ბრძანების ამოქმედებამდე ხდებოდა. იმ დღეებში, როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა მიმდინარეობდა, ზოგიერთი ჟურნალისტის ქმედება სპეცრაზმელის ქმედებას უფრო ჰგავდა. მაგალითად, „TV პირველის“ ჟურნალისტი კარებში ჩადგა და მე და ჩვენი მოძრაობის წევრებს არ გვიშვებდა, თან აქეთ გვეჩხუბებოდა, რატომ არ ვაძლევდით ინტერვიუს. ეს ტელევიზიები ხომ ოპოზიციის პოლიტიკური მედიაა და მათი ქცევის კოდექსიც მოძალადე ოპოზიციის ქმედების მსგავსია.
იქნებ ერთმა მათგანმა მაინც მითხრას, რომელი ქვეყნის პარლამენტში ნახეს მსგავსი რამ? სად დასდევენ ჟურნალისტები დერეფნებში დეპუტატებს ან სად ეღობებიან კარებში შემსვლელებს? მსგავსი ქმედებისთვის, რაც ქალბატონ ელისო ბოლქვაძესთან ჩაიდინეს, მოკლე პერიოდით კი არა, სამუდამოდ გაუუქმებდნენ აკრედიტაციას სწორედ იმ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მაგრამ, ესენი ხომ დემოკრატიას მხოლოდ სათავისოდ თარგმნიან?
პარლამენტში რიგი ჟურნალისტების მხრიდან წარმოუდგენელი ძალადობაა და კარგია, რომ ამაზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა თავმჯდომარეს,“ - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.